ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა რუსეთს ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნის საქმის გამოძიება სთხოვა

ევროპარლამენტმა რუსეთის ხელისუფლებას, ჩეჩნეთში გეების დევნასთან დაკავშირებით,"დამოუკიდებელი და ეფექტური" გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

რეზოლუცია ბელგიელი დეპუტატის პიეტ დე ბრუნის ანგარიშზე დაყრდნობით მიიღეს. ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების უფლება მიეცეთ, თუ ეროვნულ დონეზე მსგავსის ორგანიზებას არ აპირებენ.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია ერთხმად მიიღო. 

გასულ წელს, Новая газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის 100-ზე მეტი მოქალაქე დააპატიმრეს. ასევე, 3 გარდაცვლილზეც გავრცელდა ინფორმაცია. 

2017 წლის მაისის ბოლოს Human Rights Watch-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მუჰამედ დაუდოვი,(მეტსახელად ლორდი) რომელიც რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, ჰომოსექსუალთა უკანონოდ დაკავების პროცესსა და შემდგომ წამებას ესწრებოდა. 

შემთხვევას მსოფლიო მასშტაბით გამოხმაურება მოჰყვა. ლგბტ თემის უფლებადამცველმა  სამმა ფრანგულმა ორგანიზაციამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს უჩივლა.

გასული წლის 2 მაისს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოსკოვში ვიზიტის დროს, მერკელმა პუტინს ამ საკითხის მიმართ ყურადღების მიქცევა ურჩია. 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ინტერვიუ უცხოურ მედიას მისცა. ის ტელეკოპმანია HBO-ს სპორტული განყოფილების რედაქტორს ესაუბრა, რომელმაც კითხვა ჩეჩნეთში მცხოვრები ლგბტ თემის შესახებაც დაუსვა. 

კადიროვმა განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი სისულელეა", "ჩეჩნეთში გეები არ არიან და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, ჩვენგან შორს, ასე გაიწმინდება სისხლი", - თქვა კადიროვმა.

გარდა ამისა, მან ჰომოსექსუალებს ეშმაკები (შაითან) უწოდა: "ისინი ადამიანები არ არიან. და წყეულიმც იყვნენ ჩვენი ცილისწამებისთვის". 

კომენტარები