საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: დავაკავეთ შპს-ს დირექტორი, ვინც მეწარმეს უკანონოდ გამოართვა 400 ლარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში, კერძოდ კი ქედის რაიონში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები