მძღოლს, რომელიც მანქანას მთვრალი მართავდა და ქვეითს დაეჯახა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პირი, რომელსაც ბრალდებული 2016 წლის 6 ნოემბერს თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე შეეჯახა, მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
"ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შეასრულა არასწორი მანევრი და ავტომანქანა ჰონდა ფიტ-ით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ. ტ.-ს. დაზარალებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით გარდაიცვალა.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. სასამართლომ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებასთან ერთად, მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და ვიდეო-ფირის დათვალიერების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები, ალკოჰოლური თრობის დასკვნა და საქმეში არსებულ მასალათა შეჯამების შედეგად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. ბრალდებული საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს" - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.





