აშშ

ტეხასში ვიზიტისას მელანია ტრამპი ZARA-ს ქურთუკზე წარწერის გამო გააკრიტიკეს

მელანია ტრამპი Zara-ს ქურთუკში წარწერით "მე არ მადარდებს, შენ?"
Elle

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ტეხასს ეწვია, სადაც მან ის ცენტრი მოინახულა, რომელშიც არალეგალი მიგრანტების შვილები იმყოფებიან, რომლებიც ოჯახებს დააშორეს.

ტეხასში ჩასვლამდე მელანია ტრამპი Zara-ს ქურთუკით დააფიქსირეს, რომელსაც ზურგზე აქვს წარწერა "მე არ მადარდებს, შენ?". ქურთუკმა სოციალურ ქსელებში პირველი ლედის მისამართით კრიტიკის ტალღა გამოიწვია.

პირველი ლედის სპიკერმა განაცხადა, რომ წარწერა "დაფარულ მესიჯს" არ შეიცავს. კრიტიკას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც:

"მე არ მადარდებს, შენ?" წარწერა მელანია ტრამპის ქურთუკზე შეეხება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ მედიას. მელანიამ ისწავლა, თუ როგორი უნამუსოების არიან ისინი და მას ნამდვილად აღარ ადარდებს!" დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

მელანია ტრამპს ტეხასში ჩასვლისას ქურთუკი აღარ ეცვა.

მელანია ტრამპი
ფოტო: Getty Images
შეგახსენებთ, რომ ტეხასის შტატში მექსიკის საზღვართან სასაზღვრო კონტროლის საწყობში განთავსებულ გალიებში ათასობით ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ბავშვია. ისინი ოჯახებს დააშორეს, რადგან "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში მათი ოჯახის წევრები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დააკავეს.

გასულ კვირას მელანია ტრამპის სპიკერმა განაცხადა, რომ პირველი ლედი "შეძრულია ოჯახებისაგან დაშორებული ბავშვების ნახვით." მისივე თქმით პირველ ლედის სჯერა, რომ აშშ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც "ყველა კანონს მიყვება, თუმცა ამასთანავე გულით იმართება." "ქალბატონი ტრამპი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთობლივად მიაღწევს წარმატებული საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას."

დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვას ხელი გუშინ მოაწერა. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.

კომენტარები