დევდარიანი სარჩელის წარმოებაში არ მიღებაზე: ამაში უცნაური არაფერია

რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანი ადასტურებს, რომ 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მისი თქმით, ამაში უცნაური არაფერია და მას შემდეგ, რაც სარჩელი სასამართლოს მითითებებთან შესაბამისობაში მოვა, ის წარმოებაში იქნება მიღებული.

დევდარიანი 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. მათ შორის არის ტაბულა, თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

გუშინ, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დევდარიანს ამ სარჩელის მიღებაზე სასამართლომ უარი უთხრა. ეს ინფორმაცია სასამართლოში მოპასუხე მხარეებმა გადაამოწმეს.

ზვიად დევდარიანი დღეს გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დაზუსტება მოითხოვა სასამართლომ.

"ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 19 ივნისს, გვეცნობა, რომ ზვიად დევდარიანის სარჩელი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თამარ ჩერგოლეიშვილის და სხვების მიმართ, სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. შესაბამისი განჩინებით გაგვემარტა, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უნდა დაზუსტდეს იმისთვის, რომ სარჩელი წარმოებაში იქნას მიღებული. ამაში უცნაური არაფერია, მით უფრო პრეცედენტულ საქმეში, რადგან ნებისმიერი სარჩელი შეიძლება მოითხოვდეს დაზუსტებას და ეს წმინდა პროცედურული საკითხია - სარჩელი შესაბამისობაში მოვა განჩინებაში მოყვანილ მითითებებთან და იქნება მიღებული წარმოებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი აცხადებს, რომ რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის და ეს საგანგაშოა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის. შემდგომში მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას და იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო დაინტერესებულია საქმის შედეგით და რაც მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოშობს. იმედს ვიტოვებთ, სასამართლო გაითვალისწინებს უკვე მომხდარ გადაცდომას და მომავალში არ დაუშვებს მსგავს ფაქტს", - აცხადებს დევდარიანი.

გუშინ, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად დევდარიანს 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. 

ინფორმაცია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს ცხელ ხაზზე მოპასუხეებმა გადაამოწმეს, სადაც მათ დაუდასტურეს, რომ სარჩელი ნამდვილად არ არის მიღებული.

უცნობია კონკრეტულად რა გახდა უარის თქმის მიზეზი. თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების უფლება არ აქვთ და ამაზე მხარეებმა უნდა ისაუბრონ.

ზვიად დევდარიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია გუშინ აცხადებდა, რომ სარჩელზე უარის თქმის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ. ადვოკატმა ტაბულას უთხრა, რომ სასამართლოში მისვლას უახლოეს პერიოდში აპირებს და დაზუსტებული ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში ექნება.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და არშფოტება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები