იემენი

საუდის არაბეთის კოალიციამ ჰუსიტი ამბოხებულების კონტროლირებადი ქალაქი დაბომბა

Reuters

საუდის არაბეთის კოალიციამ იემენში, საპორტო ქალაქ ჰუდეიდას აეროპორტზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ჰუსიტი ამბოხებულები აეროპორტსა და ქალაქში პოზიციების შესანარჩუნებლად იბრძვიან.

კოალიციას საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის დაბრუნება სურს, რომლის წევრებიც ამჟამად გადასახლებაში იმყოფებიან. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულებისათვის ჰუდეიდას პორტის დაკარგვა მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება, რადგან იემენს 3-წლიანი სამოქალაქო ომის მანძილზე ჰუმანიტარული დახმარება ძირითადად სწორედ ამ პორტიდან მიეწოდება.

ქვეყანაში 7 მილიონზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. გაერო და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები საუდის არაბეთის კოალიციის ძალებს აფრთხილებენ, რომ პორტზე თავდასხმა ჰუმანიტარულ კატასტროფას გაამწვავებს.

საუდის არაბეთის კოალიცია აცხადებს, რომ ამბოხებულები პორტს ირანისაგან იარაღის მისაღებად იყენებენ. ჰუსიტი ამბოხებულები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

კომენტარები