იყო ერთი გოგო

იყო ერთი გოგო - 21 თანამედროვე ზღაპარი ქართველი ჭკვიანი და მამაცი ქალების შესახებ

ილუსტრაცია: ნათია კვარაცხელია

მთავარი გმირი: მედეა

კოლხი მედეას ზღაპარი, ავტორი დათო ტურაშვილი

"ღვთაება პეკატეს ტაძართან, იქ, სადაც მათი პირველი პაემანი შედგა, მედეამ იასონს გადასცა სასწაულმოქმედი და მომაჯადოებელი წამალი, რომელიც ახოვან ბერძენს საშუალებას მისცემდა, ნებისმიერი ძალისა და რაოდენობის მეტოქე დაემარცხებინა. მეორე დღეს ასეც მოხდა, მაგრამ ამის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყო, რომ წინა დღეს იასონმა მედეასგან არა მხოლოდ წამალი, არამედ პირველი კოცნაც მიიღო...".

მთავარი გმირი: ანა ბაჯი

​ანას ამბავი, ავტორი დიანა ანფიმიადი

"ჰოდა, ერთ თბილისურ მიწურში თავის და-ძმასთან ერთად ცხოვრობს ანა, ბებია მართას ზღაპრების გმირი. დევის ნატეხი ხარო - ეტყვის ხოლმე ბებო - უტეხი და ჯიუტი ხასიათი გაქვსო. ბებო დარწმუნებულია, რომ იმ მიწაზე, სადაც ახლა ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, ადრე სხვანაირ ხალხს უცხოვრია - ადამიანებზე ორჯერ მაღლებსა და ძლიერებს, ღონიერებსა და სამართლიანებს, რომელთა ნაფეხურებში ერთ პატარა ბოსტანს ჩაატევდა გამრჯე ადამიანი. ამიტომაც, ბებოს ზღაპრებში რომ გოგოა, როცა იზრდება, ძლიერი ფალავანი ხდება, დევივით მოჭიდავეებს ამარცხებს, უსამართლობას ებრძვის, სუსტის დამცველია..."

მთავარი გმირი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე

ბლამანჟეს ხიდი, ავტორი ნესტან ნენე კვინიკაძე

"- შეიყვარე ვინმე, ან სხვა სამეფოში წადი. იმუშავე, სხვაგან ხომ ქალებიც მუშაობენ? ისე ჩაიცვი, შენ რომ გინდა, შეცვალე შენი ცხოვრება, დილავარდისა!- ამას იტყოდა და ათას საპნის ბუშტს ერთად ამოუშვებდა წყლიდან. ბუშტები სანთლისკენ მიიწევდნენ და სკდებოდნენ". 

ეს ნაწყვეტებია ზღაპრებიდან, რომლებიც 12-მა ავტორმა 21 ქალის შესახებ შეთხზა. 

თანამედროვე ზღაპრები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს კრებულში "იყო ერთი გოგო“ გაერთიანდა.

მასში ალექს ჩიღვინაძის, დათო ტურაშვილის, დიანა ანფიმიადის, ეკატერინე ტოგონიძის, თეა თოფურიას, თეონა დოლენჯაშვილის, მაია სარიშვილის, მაკა ლდოკონენის, ნესტან ნენე კვინიკაძის, ნინია სადღობელაშვილის, ტორესა მოსისა და პაატა შამუგიას ზღაპრები შევიდა.

ნაწარმოებების პერსონაჟები კი როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და სხვები. ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება.

წიგნი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა.

წიგნი ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ვებგვერდზე – saba.com.ge უფასოდ არის ხელმისაწვდომი. აქვე შეგიძლიათ წიგნის ხმოვანი ვერსიის ჩამოწერაც. 
 

კომენტარები