სიღარიბე

UNICEF: 2015-დან 2017 წლამდე საქართველოში უკიდურესი სიღარიბე 2.5-ჯერ გაიზარდა

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდმა (UNICEF) დღეს საქართველოში სიღარიბის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს 2015 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. 2015 წელს მოსახლეობის 2.1% იყო უკიდურეს სიღარიბეში, UNICEF-ი უკიდურეს სიღარიბედ მოიზარებს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს არ შეუძლია დღეში 1.25 დოლარზე მეტი ხარჯი გასწიოს. 2017 წლის გამოკლევით დგინდება, რომ უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა. 

რაც შეეხება არა უკიდურეს, არამედ ზოგად სიღარიბეს, UNICEF-ის მიხედვით ისიც გაზრდილია. 2015 წელს საქართველოში ღარიბად მოსახლეობის 18.4% ითვლებოდა, ხოლო 2017 წელს ღარიბად მოსახლეობის 21.7% იმყოფებოდა. ზოგადი სიღარიბედ ითვლება მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავზე დღეში 2.5 დოლარზე მეტის დახარჯვა.

საქართველოში ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ოჯახების 19.6%, მოსახლეობის 21.7%, ბავშვების 27.6% და პენსიონერების 17.6%.

ანგარიშში წერია, რომ სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით.

“მიუხედავად იმისა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის დონე მცირდებოდა, მომდევნო პერიოდში ის საგრძნობლად გაიზარდა. სავარაუდოდ, სიღარიბის მიმართ შინამეურნეობებისა და ცალკეული პირების მოწყვლადობა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებით იყო გამოწვეული. როგორც წესი, სიღარიბის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევენ. 2015-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა განიცადა, როდესაც მშპ-ს რეალური ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. ეს მაჩვენებელი ზომიერ 5%-იან ზრდის ტემპს 2017 წელს დაუბრუნდა.

ამის მიუხედავად, ინფლაციის მაღალმა დონემ (რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ფასდება) კიდევ უფრო შეამცირა ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე. გასული ორი წლის განმავლობაში, ლარის ძლიერი გაუფასურების ფონზე, სამომხმარებლო ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა საკვებ პროდუქტებზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტრანსპორტზე,“- წერია ანგარიშში.

რაც შეეხება სიღარიბის ოფიციალურ სტატისტიკას, რომელსაც საქსტატი ითვლის ის 21.9%-ს შეადგენს, თუმცა UNICEF-ისგან განსხვავებით, ოფიციალურ სტატისტიკაში სიღარიბის მაჩვენებლს არა ზრდის, არამედ შემცირების ტენდენცია აქვს.

კომენტარები