TANAP

თურქეთის ელჩი: ქართულმა მხარემ TANAP-ის გასხნაზე დაგეგმილი ვიზიტი ბოლო წუთს გააუქმა

youtube.com

თურქეთის ქალაქ ესქიშექირში დღეს ტრანს-ანატოლიური მილსადენი (TANAP-ი) გაიხსნება. საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის გახსნას საქართველოს მხრიდან არც პრეზიდენტი, არც პრემიერმინისტრი და არც ეკონომიკის მინისტრი არ ესწრება. საქართველოს გახსნაზე მხოლოდ ელჩი წარმოადგენს. მილსადენის გახსნის ცერემონიას რეჯეფ ტაიპ ერდორანი მასპინძლობს, მას ილჰამ ალიევი და პეტრო პოროშენკო ესწრებიან. 

თურქული მხარის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე მიწვეული გიორგი მარგველაშვილი იყო. ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მიწვევის მიუხედავად საბოლოოდ ვიზიტი აღარ შედგა. 

”ეს იყო ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი რატომ. საქართველო წარმოდგენილია ღონისძიებაზე ელჩის დონეზე. ეს პროექტია, რომელიც აერთიანებს თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს გვსურს, ვიხილოთ ჩვენი ქართველი მეგობრები თურქეთში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იქ არ არიან, ჩვენ მათ სიახლოვეს ვგრძნობთ,”- საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამბობს საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი. 

"სამხრეთის გაზის დერეფანით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. მილსადენის თურქულ ნაწილს TANAP-ი ეწოდება. მისი მშენებლობა $8.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. შემდგომში ის ტრანსადრიატიკულო (ТАР) გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის. მილსადენის 58% აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 30% თურქეთის მთავრობას, 12% კი BP-ს. 

სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საქართველოში $2 მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდო. 

კომენტარები