მიკროავტობუსს შემოწმება გავლილი არ ჰქონდა, დარღვეული იყო მგზავრთა რაოდენობის ლიმიტიც

ინტერპრესნიუსი

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, მიკროავტობუსს, რომელიც 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე ავარიაში მოყვა სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა. ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო.

მიხეილ ხმალაძის თქმითვე, მიკროავტობუსში სანომრე ნიშნით OO-540-ON დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნაც, რაც ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობას განსაზღვრავს.

სახმელეთო ტრანსპორტის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მგზავრობამდე მძღოლს მოსთხოვონ დამადასტურებელი ცნობა ტექდათვალიერების გავლის შესახებ.

მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია, მას ბრალი 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა", - წერია შინაგან სამინისტროს განცხადებაში. 

8 ადგილზე დიდი ტევადობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრიდან დაეკისრათ. ასევე არსებობს ჯარიმებიც, თუ ავტომობილი სავალდებულო დათვალიერების გარეშე მოძრაობს ის 50 ლარით დაჯარიმდება. 

ამასთანავე, მომხდარის გამო მთავრობამ ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მიღება გადაწყვიტა. ინიციატივის მიხედვით, ექსკურსიის შეთანხმება განათლების სამინისტროსთან მოხდება, ხოლო ექსკურსიის მძღოლები სპეციალურ ლიცენზიებს აიღებენ.

კომენტარები