FDI

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 33%-ით შემცირდა

Reuters

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში $279.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 33%-ით ნაკლებია.

საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • გაერთიანებული სამეფო - $82 მილიონი
  • აზერბაიჯანი - $51 მილიონი
  • ჩინეთი - $41 მილიონი
  • ნიდერლანდები - $32 მილიონი
  • აშშ - $23 მილიონი
  • ლუქსემბურგი - $18 მილიონი
  • პანამა - $17 მილიონი

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $110.6 მილიონს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.6%-ია . მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი $69.1 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $40.2 მილიონი დოლარით.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია და ის მომავალში შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები