ხორავას ქუჩის საქმე

სასამართლომ მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პირველი არხი

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სუბელიანის ადვოკატები 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

"მირზა სუბელიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს,"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი გუშინ დააკავეს. მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მირზა სუბელიანის დანაშაული ბევრად მძიმეა და რომ სწორედ მისი ორგანიზებით გააყალბა მთავარმა პროკურატურამ საქმე. 

დღესვე პროკურატურამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ მოწმე მოისყიდა. 

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მიხეილ კალანდიაზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მერაბ მორჩაძემ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას," - წერია განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე პირს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძისმკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილისგანზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მეორე არასრულწლოვანი - გ.ჯ - უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები