აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპი: 12 ივნისს სინგაპურში კიმ ჩენ ინთან სამიტის გამართვა კვლავ ძალაშია

კიმ იონ-ჩოლი და დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით 12 ივნისს სინგაპურში კიმ ჩენ ინთან სამიტის გამართვა კვლავ ძალაშია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ ტრამპს კიმ ჩენ ინის წერილი გადასცა, თუმცა მისი შინაარსი ამ დრომდე უცნობია.

"ეს პროცესია. ჩვენ არ შევხვდებით და ხელს მოვაწერთ რაიმეს 12 ივნისს, ამას არც ვაპირებდით. ჩვენ დავიწყებთ პროცესს. ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სწრაფად, შეგვიძლია ვიმოქმედოთ ნელა." თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 24 მაისს გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგებოდა.

ამის შემდეგ მან დაადასტურა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასამართად ჩრდილოეთ კორეას ეწვივნენ. პრეზიდენტის თქმით მათ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად სამიტის ჩატარება განიხილეს.

The Washington Post-ის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოები მრჩეველი ელისონ ჰუკერი, პენტაგონის წარმომადგენელი და ფილიპინებზე აშშ-ის ელჩი სუნ კიმი ჩავიდნენ. ისინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გარდა ამისა, აშშ-ში ჩავიდა ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია, რომელთაც სამიტის დეტალები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან განიხილეს.

დელეგაციის წევრებს შორის 72 წლის გენერალი კიმ იონ-ჩოლიცაა, რომელსაც სამხრეთ კორეა 2014 წელს Sony Pictures-ზე კიბერთავდასხმაში და 2010 წელს სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს, რასაც 46 მეზღვაური ემსხვერპლა. ამ ინციდენტების გამო აშშ-მა პერსონალურად მას სანქციები 2010 და 2015 წლებში დაუწესა.

კიმ იონ-ჩოლი სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზეც იმყოფებოდა, რომელსაც დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც.

კომენტარები