არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა

უკრაინა არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში რუსეთს ადანაშაულებს

არკადი ბაბჩენკო
EPA

უკრაინის პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა კიევში რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ტოტალიტარულმა მანქანამ მას პატიოსნება და პრინციპულობა არ აპატია. ის იყო უკრაინის ჭეშმარიტი მეგობარი, რომელიც მთელ მსოფლიოს უყვებოდა სიმართლეს რუსულ აგრესიაზე. მკვლელები უნდა დაისაჯონ." დაწერა მან Facebook-ზე.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბაბჩენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ 4 წლის წინ იმავე დღეს უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში წასვლას აპირებდა, თუმცა არასაკმარისი ადგილის გამო ვერტმფრენში არ აუშვეს. ვერტმფრენი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა ჩამოაგდეს, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. "იღბლიანი აღმოვჩნდი. როგორც ჩანს, მეორე დაბადების დღეა." დაწერა მან.

უკრაინის პრემიერმინისტრის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოეხმაურა:

"გამოძიება არც დაწყებულა და უკრაინის პრემიერმინისტრი უკვე აცხადებს, რომ მკვლელობა რუსეთის დაზვერვამ ჩაიდინა." "ჩვენ მოვითხოვთ უკრაინისაგან სასწრაფო გამოძიებას. სისხლიანი დანაშაულები და სრული დაუსჯელობა კიევის რეჟიმისათვის რუტინად იქცა." თქვა მან და ბაბჩენკოს ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.

გუშინ კიევში 41 წლის ბაბჩენკოს საკუთარი სახლის გარეთ ზურგში რამდენიმეჯერ ესროლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

არკადი ბაბჩენკო რუსეთში რამდენიმე გამოცემაში მუშაობდა. იგი ხშირად აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოში. ხშირი კრიტიკის გამო ის მუქარის წერილებს იღებდა, რის შედეგადაც, 2017 წელს მან რუსეთი დატოვა და კიევში გადავიდა საცხოვრებლად.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს კიევში მანქანის აფეთქებას ბელორუსიელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი ემსხვერპლა. 2017 წლის ივნისში კიდევ ერთ აფეთქებას შეეწირა უკრაინელი პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალი. იმავე წლის მარტში კიევის ერთ-ერთი სასტუმროს გარეთ ყოფილი რუსი პარლამენტარი დენის ვორონენკოვი მოკლეს. სამივე მათგანი აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას. სამივე მკვლელობაში უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა.

კომენტარები