საფრანგეთი

მიგრანტის მიერ გადარჩენილი ბავშვის მამა ინციდენტის დროს "Pokemon go"-ს თამაშობდა

რამდენიმე დღეა, სრულიად ინტერნეტ-სივრცე და მედია საუბრობს ინციდენტზე, რომელიც შაბათს, პარიზში მოხდა. 4 წლის ბავშვი, რომელიც აივნიდან ვარდებოდა, მიგრანტმა მამუდუ გასამამ გადაარჩინა.

ყველას აინტერესებდა, სად იყვნენ ამ დროს ბავშვის მშობლები და საიდან აღმოჩნდა ის აივნის მოაჯირზე. დღეს, პარიზის ერთ-ერთმა გამომძიებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვის მამა ჯერ საყიდლებზე იყო წასული, შემდეგ კი, ცნობილ თამაშს “Pokemon Go”-ს თამაშობდა ქუჩაში სწორედ იმ დროს, როცა მისი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.

გამომძიებლის, ფრანცუა მოლინსის თქმით, ბავშვი აქამდე მამის ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და, სავარაუდოდ, ის მალე დედასთან გაემგზავრება საცხოვრებლად. ინციდენტის შემდეგ, ბავშვის მამა დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.

“მამამ ბავშვი ინციდენტამდე დატოვა სახლში და თვითონ ჯერ საყიდლებზე წავიდა, ხოლო შემდეგ “Pokemon Go”-ს თამაშს შეუდგა ქუჩაში, რაც გარკვეული დროის მანძილზე გაგრძელდა. ის ძალიან ნანობს თავის საქციელს და აანალიზებს, რა ჩაიდინა, ან რა შეიძლება მომხდარიყო.” - თქვა გამომძიებელმა მოლინსმა და დაამატა, რომ მამამ ღია დატოვა ფანჯარა, რომელზეც დამცავი მოწყობილობა არ იყო დამაგრებული.

ბავშვის მამის ვინაობას არ ასახელებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ის სექტემბერში წარსდგება სასამართლოს წინაშე. შესაძლოა, ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯოს.

გმირად და თანამედროვე დროის “ადამიან-ობობად” წოდებული მამუდუ გასამა მალიდან ემიგრირებული 22 წლის ახალგაზრდაა. ინციდენტის დროს ის ქუჩაში მოდიოდა, როცა აივნის მოაჯირზე ჩამოკიდებული ბავშვი დაინახა. გასამა აივნების მეშვეობით საცხოვრებელ კორპუსზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა.

მოგვიანებით, ემანუელ მაკრონმა გასამა პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა, რათა პირადად გადაეხადა მადლობა. ცნობილია, რომ გასამას უკვე შესთავაზეს სამსახური ადგილობრივ სახანძროში. გარდა ამისა, ის მალე საფრანგეთის მოქალაქეობასაც მიიღებს.

კომენტარები