დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზი: განსხვავებული აზრისთვის დარტყმა ძალადობაა და არა ვაჟკაცობა

ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, ყველაზე სამწუხარო ეს იყო ამ დღეებში. ერთი პატარა, გალეული ბიჭი ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოდიოდა, რაღაცას ამბობდა, ნუ ქრისტიანებისთვის საწინააღმდეგო იყო ალბათ, რაც არ მოეწონა ვიღაცას, 15 წლის მოზარდი მივარდა და სახეში გაარტყა მას. მუშტი დაარტყა და წაიქცა ის, მერე ეს გაიქცა, გაეკიდნენ, ნახეთ ალბათ. თავისთავად დასაგმობია, რაც მოხდა, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ეს კი არ იყო, არამედ ის, რომ ვნახე უამრავი ადამიანი, რომელიც ამას აქებს და ამართლებს. მე ვნახე უამრავი კომენტარი, ქრისტიანებად რომ თვლიან თავს და სიწმინდეებზე დებენ თავს, ამბობენ: "დაგელოცოს მარჯვენა", "შენ გაიხარე და გაეზარდე დედას", "ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირები". 

ეს არის არაქრისტიანული, სად ნახეთ სახარებაში, ქრისტეს ხელი შემოერტყა ვინმესთვის სახეში, სად ნახეთ, ქრისტეც ხომ კაციც იყო თავისი ბუნებით, სად წერია, რომ მუშტი შემოარტყა სახეში ურჯულოს ან ურწმუნოს, ნახეთ სადმე? ეს არის არაქრტისტიანული, ეს საქებარი კი არ არის, დასაგმობია. თუნდაც ის ვინმე სცოდავდეს და ქრისტიანობის საწინააღმდეგოს ამბობდეს, როგორ შეიძლება სახეში ხელი გაარტყა,  მით უმეტეს სუსტს, უმცირესობაში მყოფს. 

მე იმ ბიჭის საქციელს უფრო ნაკლებად განვიკითხავ, იმიტომ რომ ის მოზარდია, მას ალბათ თავის თავში ვერ გაურკვევია თავისი სურვილები და ლტოლვები​მაგრამ ზრდასრული ხალხი ამას რომ აქებს და ლოცავს, ეს არის დასაგმობი. 

ძალადობა წარმოშობს ძალადობას, სიძულვილი წარმოშობს სიძულვილს და მტრობა შობს მტრობას და თუ შენ ქრისტიანი ხარ, ძალადობა არ შეიძლება. 

თუ ვინმემ თქვა, რომ ცემით შეიძლება ქრისტიანობის გავრცელება, შეცდა, რადგან ქრისტეს სახარებაში ეს არ წერია, ძალადობა არის მთლიანად დაგმობილი.

17 მაისს, ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აქციაზე ლგბტ თემის წევრს, რომელიც სიტყვით გამოდიოდა, 15 წლის მოზარდმა სახეში დაარტყა, ის პოლიციამ დააკავა, თუმცა, ვინაიდან არასრულწლოვანია, მალევე გათავისუფლდა. მომხდარს ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილი მოძალადეს საქციელს უწონებს და ამბობს, რომ ლგბტ ადამიანის ცემა ვაჟკაცური საქციელია. 

კომენტარები