მეუფე ზენონი

მეუფე ზენონი: ქრისტე მოსახლეობის ნაწილის ცნობიერებიდან განდევნილია

მეკითხებით მოვლენების შესახებ, რომელიც ვიხილეთ მიმდინარე დღეებში და ვფიქრობ, რა ვთქვა ქრისტე მაცხოვრის ზეცად ამაღლების დღეს. ყველა ყველას წინააღმდეგ! - ასე შეიძლება ითქვას.
 
ოჯახის სიმტკიცისადმი პატივგებაც და ანტიჰომოფობიაც, აგრეთვე ადამიანთა თანასწორობა და ანტიდისკრიმინაცია წმინდა წერილის ნარატივია

მიუხედავად ამისა, ქრისტე, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ცნობიერებიდან განდევნილია. მისი ადგილი ეგოს, ძალადობას და სიძულვილს უპყრია. 

თბილისი დღეს გარკვეულწილად განსხვავებულ ფასეულობათა და ღირებულებათა საბრძოლო ველია, სადაც წინამძღოლის ალამი ხელთ ორ უკიდურესობას უპყრია: 

რატომ არ ხარ ისეთი, როგორიც მე ვარ! 

რატომ ხარ ისეთი, როგორიც მე არ ვარ! - აი, ურთიერთ მიმართების განცხადებული და განუცხადებელი მდარე ლოგიკა. 

ლანძღვა-გინება, დამცირება, ზოგიერთ ადამიანში ღირებულებათა ფაქტიური არარსებულობა.

აქვეა დრამა- უფლებების და თავისუფლების ნაირსახოვანი ინტერპრეტაციით. 

დრამის თანდართული ტრაგიზმი - ნეოფაშიზმის პრეზენტაცია.

თვით ბიბლიური სოდომი, ვნებათა ტყვეობითა და სიძულვილით მოცული, თავად შეიქნა თავისივე ძალადობის მსხვერპლი და როგორც წინასწარმეტყველი ეზეკიელი ამბობს: "ეს იყო სოდომის დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა... ღარიბ -ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემ წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე." ( ეზ. 16, 49) .

სოდომი ცოდავდა. ითმენდა უფალი. ითმენდა, ვიდრე ცოდვებთან თანდართულმა ძალადობამ არ დაარღვია მისი მოთმინების საზღვარი. წინასწარმეტყველთან მოცემული დანაშაულთა ჩამონათვალის თანმიმდევრობა ცხადჰყოფს ქალაქის მკვიდრთა განადგურების საფუძველს. მათ არ უყვარდათ და პატივს არ სცემდნენ ერთმანეთს. ყოველი მკვიდრი პირად კეთილდღეობასა და ვნებებს კერპთმსახურებდა. რით განსხვავდები დღეს შენ თბილისო სოდომისაგან!? იქნებ თვალთმაქცობაში აღმატებული ხარისხით! 

და კიდევ:

"თქვენი ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ... სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ". (ეს. 15-17). და როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი იტყოდა: ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად სჩანს, ქრისტეს სძინავს!

+ მთ. ეპ. ზენონი

განაცხადა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა გასულ კვირას საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები