17 მაისი

სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ, პოლიციამ დამნაშავე დააკავა

ტაბულა

აქციაზე არა ჰომოფობიას ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. ის პოლიციამ დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლონდა თოლორაიას თქმით, მომხმდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ანუ ძალადობის მუხლით აღიძრა. თოლორაიას თქმითვე ეს მუხლი კიდევ დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გარემოებით დამძიმდება.

"აღნიშნული პირი, გახლავთ 22 წლის, იგი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით, ცხადია გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის გარემოების გამოკვეთა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, როგორც ვიცი ის დამაკმაყოფილებელია. შსს აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და თავისთავად ცხადია დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმე", - ამბობს თოლორაია.

126-ე მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 1 წლამდე პატიმრობაა. დისკრიმინაციული ნიშნის გამოკვეთის შემთხვევაში ის შესაძლოა დამძიმდეს.

ლონდა თოლორაიას კომენტარი

აქციაზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებული იყო. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა მიმდებარე ქუჩები, სადაც აქციაზე დასწრების მსრუველებს სპეციალური გამშვები პუნქტების გავლით უშვებდნენ.

დღესვე პარლამენტის შენობის წინ გაიმართა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებდნენ. ასევე, საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის" ასაღნიშნავად. 17 მაისი საპატრიარქომ სექსუალური უმცირესობების მიმართ პროტესტის ნიშნად "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა. 

კომენტარები