თავისუფლება

თავისუფლების დასაცავად

უპირველეს ყოვლისა, თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ! რაღაც ჯგუფები, მედია ორგანიზაციები, მათი ინსტრუქტორები და შტურბმანფიურერები, რომლებიც საქართველოში შეუწყნარებლობის, ტოტალური ძალადობის, ჰომოფობიის, ქსენოფობიის, რასიზმის, ქალთა ჩაგვრის, სამოქალაქო დაპირისპირების პროპაგანდითა და შუღლის გაღვივებით არიან დღენიადაგ დაკავებული, უკლებლივ ყველა, სინამდვილეში გაცხადებული ან ლატენტური რუსეთუმეები, პუტინის დაკრულზე მოცეკვავეები, საქართველოსა და ჩვენი თავისუფლების მტრები არიან!

ისინი არიან სერგო ორჯონიკიძის ნამდვილი მემკვიდრეები, მისი საქმის გამგრძელებლები, ყოვლადმოწყალე ღმერთის ნაცვლად, სტალინის კერპის თაყვანისმცემლები;

იმათი თანამედროვე ორეულები, ვინც საქართველოში რუსულ ჩექმას შემოუძღვა, ვინც 1832 წლის შეთქმულება გასცა, ვინც ილია ჭავჭავაძეს ესროლა, ვინც პირველი რესპუბლიკა დაამხო, ვინც ქართველი პატრიარქები და სამღვდელოება დახოცა და აწამა, სისხლში ჩაახრჩო 1924 წლის აჯანყება;

ვინც 37 წელი მოუწყო ყველას - მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, ქალებს, ბავშვებს, ქართულ კულტურას, მეცნიერებას, ეკლესიას, ვინც შვილებს მამები დაასმენინა, ხოლო დედები გულაგებში გადაასახლა - რუსი სალდაფონების საჯიჯგნად და საწამებლად;

ვინც 9 აპრილის ღამით, თავისუფალი ქართველებისკენ გამოშვერილი მაფიოზურ - ნომენკლატურული თითით, როდიონოვი შემოიყვანა ჩვენს მოსაწამლად და გადასათელად, ვინც ღალატით, მტერს აფხაზეთი და სამაჩაბლო მიატაცებინა, ვინც არჩეული ხელისუფლება დაამხო და სამოქალაქო ომის უფსკრულში გადაგვისროლა;

ვინც სიღატაკეში, სიბნელეში, სიცივეში, შიმშილში, კრიმინალებისა და მაფიოზების თარეშში, მთელი მონდომებით, დაუღალავად, ღირსებას გვილახავდა და აბუჩად გვიგდებდა;

ვინც ჩვენს მოხუცებულებს წლობით პენსიებს პარავდა და ურცხვად, დუჟმორევით გვიმტკიცებდა, რომ აი, სწორედ ასეთი მოძალადე და ფარჩაკია ქართველი ერი, აი, ასეთია საქართველოს ისტორია, ასეთია ჩვენი ტრადიცია, აი, სწორედ ამ მონობასა და სიბეჩავეს ქადაგებს ქრისტე და ეკლესია, აი, ესაა თქვენი მომავალი.

დროა, ვიკითხოთ, რა არის დღეს თავისუფლების მტრების ერთადერთი დავალება, მათი ყოველდღიური ბინძური სამუშაო?

წმინდა ნინოს, მეფე მირიანის, ვახტანგ გორგასლის, გრიგოლ ხანძთელის, გიორგი მთაწმინდელის, ილარიონ ქართველის, დავით აღმაშენებლის, თამარის, შოთა რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალეს, ქეთევან წამებულის, სულხან საბას, მარიამ დედოფლის, სოლომონ დოდაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, კირიონ კათალიკოზის, ამბროსი ხელაიას, გრიგოლ ფერაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას - ერთი სიტყვით, ჩვენი წინაპრებისა და მთელი ქართველი ერის არჩევანის უარყოფა, საქმით დაგმობა, განვითარების გზის ჩახერგვა, ისტორიდან და რუკიდან ამოშლა, ჩვენი შვილების ისევ იმპერიის მონობაში, სიბნელეში, უსაქმურობაში, სიღატაკეში, კრიმინალში, ამორალურობაში, ნაცრისფერ არარაობაში განზავება.

ესაა მათი მიზანი. ესაა მათი საქმე. ესაა მათი ღალატის შინაარსი. ამ "დიად" მისიასთან შედარებით მხოლოდ შტერულ, სასაცილო გართობად მოჩანს ყველაფერი ის, რასაც ასე ემოციურად აღვიქვამთ ხოლმე რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად.

ოღონდ აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი, პავლე მოციქულის პირით, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, პირდაპირ გვიმხელს: რაც უნდა მოინდომოს ცოდვილმა ადამიანმა, უზენაესის სიწმიდეს ვერასოდეს, ვერანაირად შეურაცხყოფს. თავისუფალი გამოხატვა თვითონაა სიწმინდე. გამჩენის მიერ ადამიანისთვის ბოძებული სამოთხისეული ძღვენი.

დროა, ვთქვათ მწარე სიმართლე. ვისი წაქეზებით არიან აღტკინებულნი და ცდუნებულნი გულწრფელი ადამიანები, რომლებიც უმცირესობათა დასაჩაგრად იმუქრებიან და მუშტებს იღერებენ?

სწორედ იმათი, ვისთვისაც საქართველო, პუტინის თქმისა არ იყოს, სოფლის ერთი ორღობეა და მეტი არაფერი. ოღონდ ისეთი მიგდებული, ჩაშვებული, გადაგვარებული, გაუატანლობაში ჩაძირული, ნამდვილი სოდომის მსგავსი სოფლისა, რომლეშიც ქრისტე მაცხოვრის მცნების საპირისპიროდ, ქართული ადათის, ვაჟკაცობის, კაიყმობის წესისა და კანონის დარღვევითა და დამხობით, დაუცველი, სუსტი, უმცირესობაში მყოფი, განსხვავებული, უცხო, უდანაშაულო ადამიანის თრევა, გინება, ცემა, მოკვლა, ქალისა და ბავშვის ყველანაირი შეურაცხყოფა და ჩაგვრა - ღირსებად, კაცობად, მართლმადიდებლობად, ქართველობად საღდება!

სწორედ იმათი წაქეზებით, ვინც ქრისტეს ყოველდღე აფურთხებს და გაჰკივის: ჯვარს აცუ ეგე, რადგან ჯვარცმული ღმერთი იმათთანაა, ვისაც ჩაგრავენ და იმათ წინააღმდეგ - ვინც ჩაგრავს.

აი, ეს, ეს ნამდვილი სერგოები, ჰეროდები და იუდები, ქართველი ერისა და ქრისტიანობის წინაარმდეგ ნამდვილი შეთქმულები გვმოძღვრავენ და მოგვიძღვებიან დღეს, მრავალ მოტყუებულს და საქართველოს დაცვის სახელით აბეჩავებენ საქართველოს.

ისიც საკითხავია, როგორ ახერხებენ ამას, როგორ გვაცდუნებენ, როგორ გვაგდებენ, როგორ გვატყუებენ, როგორ გვაბამენ მახეში?

ერისა და ეკლესიის ნამდვილი მტრობა, პუტინის მსახურება, როგორც ვთქვი, კარგადაა შენიღბული მართლმადიდებლობის, ტრადიციების, ქართველობის, კაცობის, ოჯახის ღირებულებათა საფარველში.

ამ მარტივი მიზეზით, მათ ყველანაირი ცოდვა და დანაშაული გასდით. გაუვიდათ 25 წლის ქართველი გოგოს ჯგუფური გაუპატიურების მუქარა, ოპონენტების ცემა, საჯარო დედის გინებები, პოლიციის შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა, ენითუთქმელი სიბინძურის ნიაღვრები;

გაუვიდათ დავითის, თამარის, ილიას ხატების ნამდვილი შებილწვა, - ქართველთა გამაერთიანებელი ამ დიდი წმინდანების სახელით ჩვენში, ქართველებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, შუღლის, ძალადობისა და მონობის კულტის თესვა და გაღვივება;

გაუვიდათ მოღერებული ჯორკოებით, ნასროლი ქათმებითა და კატლეტებით მთელი მსფოლიოს წინაშე ჩვენი საარაკო გამასხარავება;

გაუვიდათ, რადგან, როგორც 1802 წელს მთელი რუსის ჯარი და ჩინოვნიკობა წმინდა ნინოს ჯვარს ამოფარებული შემოგვეპარა მოტყუებულ თბილისში, ასევე ახლაც ეს ჩვენებური პუტინისტები დავითის, თამარის, ილიას ხატებებს არიან ამოფარებული, ქრისტეს სახელის, კაცობისა და ნაციონალიზმის ნიღბების მიღმა იმალებიან და ასე მოიძურწებიან ცნობიერებაში.

და, აბა, რა გამოდის? ჩვენს მტერს, ჩვენ, ქართველები, უკიდურესად ზედაპირულები, ბრიყვები და საკუთარივე თავის მესაფლავეები ვგონივართ?! დიახ და ვეგონებით კიდევაც მანამდე, სანამდე მათ თავის მოტყუების, ღმერთისა და სამშობლოს ღალატში ჩვენი ჩათრევის უფლებას მივცემთ!

თავისუფლების მოყვარე ქართველებმა ზედმიწევნით კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მტრობენ არა უმცირესობები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი წილი ღვთივბოძებული სიცოცხლისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის შიშითა და ძრწოლით იბრძვიან.

არა ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს უაზრო და კონტრპროდუქტიულ სისასტიკეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი,

არა ილია ჭავჭავაძის გზით მავალი თანამედროვე პატრიოტები, - ინდივიდუალური და ეროვნული თავისუფლების დამცველები, ლიბერალები, რომლებიც დღესაც, ისევე როგორც თავის დროზე, თერგდალეულები, დარტყმის მთავარი სამიზნეები გამხდარან თავისუფლების მტრებისთვის,

არამედ, მტრობენ სწორედ აი, ეს არცთუ საგულდაგულოდ შენიღბული, გრძნობების დამცველებად გადაცმული გაბოროტებული, ყველაფრის მკადრებელი კლოუნები, რომელთა ნამდვილი მიზანი საქართველოს, მთელი ქართველი ერის დაჩოქება, მისი იმგვარად დაკნინება და მორალური დაცემაა, რომ საბოლოოდ, ისევ იოლი დასაპყრობი და დასამონებლი გავხდეთ დიდი პატრონისთვის, - ჯალათი პუტინისთვის.

ნუ შევცდებით, თავს ნურავის მოვიტყუებინებთ - არც ტრადიციებს, არც კაცობას, მით უმეტეს არც ქართველობას და სარწმუნოებას ვირეშმაკა პუტინისტები არ იცავენ, რადგან მათი წართმევა, ამ ქვეყნად, უბრალოდ არავის სურს ჩვენი გაცხადებული მტრის, - ოკუპანტი რუსეთისა და კრემლის მონების გარდა.

ქართველობაც, მართლმადიდებლობაც, ოჯახის სიწმინდეც, ტრადიციებიც, გამოხატვის თავისუფლებაც, თანასწორუფლებიანობაც, ტოლერანტობაც, სულგრძელობაც, ვაჟკაცობაც, ლგბტ თემიც და მემორიალზე თამამად მოცეკვავე გოგოც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია, ჩვენი გასარჩევი და დასაცავია - მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი, კეთილშობილი ადამინებისაა და არა იმპერიის სულწარწყმედილი მონების!

აღარასოდეს უნდა ვცდუნდეთ, აღარასოდეს უნდა დავუშვათ თბილისის თავზე მტრის დროშების აფრიალება!

კომენტარები