ნარკოპოლიტიკა

წულუკიანი: ნარკოტიკი ვერ გაპოპულარულდება ჩვენს ქვეყანაში, მოხმარება არ დაკანონდება

https://www.facebook.com

იუსტიციის მინისტრის თქმით, ​ნარკოტიკების რეალიზატორებისთვის სასჯელი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

"ნარკორეალიზატორებისადმი სასჯელის დაწევა, როგორც ეს იყო ზოგიერთ საკანონმდებლო ინიციატივაში, არის გამორიცხული. პირიქით, ჩვენ გვინდა მათთვის კიდევ უფრო მკაცრი მიდგომა, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მომავალს", - აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, მომხმარებლებთან მიმართებაში აუცილებელია ადამიანური მიდგომა და სწორედ ამიტომ გაუქმდა ზედოზირების დროს ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინების შესახებ ექიმის ვალდებულება, ასევე, გაიმიჯნა გასაღებისა და მოხმარების მუხლი.

"მომხმარებლისთვის სისტემა კიდევ უფრო უნდა გაადამიანურდეს, მაგრამ ნარკოტიკი ვერ გაპოპულარულდება ჩვენს ქვეყანაში და ნარკოტიკის მოხმარება ვერ დაკანონდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის მიდგომა, რაც მე მქონდა და მაქვს", - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი დეკრიმინალიზაციას ემხრობა, ლეგალიზაციას კი არა.

"როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია - არა. საქართველოში სახელმწიფო, ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს. როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა ბატონებო – კოკაინის, ჰეროინის და სხვა, ძალიან დიდია სია და ეს სია იზრდება ყოველდღე, რადგან ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები, მოხმარება ვერ იქნება კანონიერი. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ძალიან მარტივ ენაზე ვამბობ. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან", - ამბობს ის.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფომ მომხმარებელზე უნდა იზრუნოს და ასევე, დაიცვას ის ადამიანი, ვინ არ არის მომხმარებელი.

"ჩვენ გვჭირდება ამ თემაზე არა რადიკალიზმი, არამედ გონივრული მიდგომა და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული. ეს მე ბევრჯერ ვთქვი როგორც [თეთრი] ხმაურის, ასევე ბევრი დეპუტატის გასაგონად და ასევე, ბევრი ნარკოლოგის გასაგონად. პირველი, ვინც არის დღეს საშველი, ეს არის ორი ადამიანი - მომხმარებელი და ის, ვინც ჯერ არ არის მომხმარებელი, იმისთვის, რომ იყოს დაცული მოხმარებისგან. უმკაცრესი პასუხი მათ, ვინც ბედავს თქვას, რომ მე თუ არ ვიქნები, მომხმარებელიც ვერ ისიამოვნებს. ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მას ჰქვია ნარკორეალიზატორი და მას საზღვრიდან შემოაქვს ნარკოტიკი და შემდეგ არის მთელი ქსელი",- ამბობს თეა წულუკიანი.

მისი ინფორმაციით, ამ ცნებებზე აგებული კანონპროექტი ჯერ კიდევ 2014 წელს შეიქმნა, თუმცა მაშინ არც პარლამენტის და არც მთავრობის მხარდაჭერა არ ჰქონდა.

"დღეს მე ვხედავ პირველ ნიშნებს იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ მოიპოვოს მხარდაჭერა. თუკი ჩვენ იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეიქმნა, ვიქნებით მონაწილეები, რა თქმა უნდა ამ პოზიციას იქაც აუცილებლად დავიცავ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს იუსტიციის მინისტრმა კლუბებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით კლუბური ცხოვრების განვითარებისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

"მაგრამ ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის, ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც იყიდება სიკვდილი. ეს არის გამორიცხული", - აღნიშნავს მინისტრი.

კომენტარები