TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არსებობს

შსს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45% მიიჩნევს, რომ ადამიანის დაკავების მიზნით, პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა არსებობს. 

კითხვაზე "ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით, იყენებენ ნარკოტიკული საშუალებების ჩადების მეთოდს?" 45% პასუხობს, რომ ეთანხმება, 35% - არ ეთანხმება, 5%-ს არაფერი სმენია, ხოლო 15% პასუხზე უარს აცხადებს. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე -

TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ;

ამასთან, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

სხვა სახელმწიფო ინსიტუტებთან შედარებით, კვლევის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%.

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლოდ 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%).

კომენტარები