აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დონალდ და მელანია ტრამპები ჩრდ. კორეის პატიმრობიდან გათავისუფლებულებს დახვდნენ

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ჩრდილოეთ კორეის პატიმრობიდან დაბრუნებულ 3 მოქალაქეს ვაშინგტონთან, სამხედრო ბაზაზე დახვდნენ.

ჩრდილოეთ კორეამ პატიმრობაში მყოფი ამერიკის 3 მოქალაქე ფხენიანში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მეორე ვიზიტის შემდეგ გაათავისუფლა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ისინი ჩრდილოეთ კორეამ ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებებისათვის დააკავა და იძულებითი შრომის ბანაკებში განათავსა.

დონალდ ტრამპმა მათი გათავისუფლებისათვის კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს მოხდა." "ეს დიდი პატივია, თუმცა ჭეშმარიტი პატივი იქნება თუ ჩვენ გამარჯვებას ნახევარკუნძულიდან ბირთვული იარაღის მოშორებაში მივაღწევთ." თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით სჯერა, რომ კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ კორეის "რეალურ სამყაროში" დაბრუნება სურს და იმედი აქვს, რომ ივნისში დაგეგმილ სამიტზე ამ მიმართულებით დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

სამიტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელდა ცნობა, რომ შეხვედრის ადგილად სინგაპური განიხილება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მანძილზე ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი პატიმრის გათავისუფლების მეორე შემთხვევაა. 22 წლის სტუდენტი, ოტო ვორმბიერი ამერიკაში გასული წლის ივნისში, კომატოზურ მდგომარეობაში დააბრუნეს, თუმცა ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები