სინთეტიური ნარკოტიკი

ბესელია სავარაუდოდ ნარკოტიკებით გარდაცვლილებზე: განგაშის ზარებია შემოსაკრავი

ტაბულა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბოლო დღეებში სავარაუდოდ სინთეტიკური ნარკოტიკული ნივთიერებით ადამიანების გარდაცვალების ფაქტებს ეხმაურება და ამბობს, რომ "განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა."

"ბოლო დღეებია თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანას, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით. ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, რათა შეიცვალოს მიდგომები, მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია.“ - ამბობს ბესელია.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სავარაუდოდ სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მათი ინფორმაციით, სულ 4 ადამიანი არის გარდაცვლილი გაურკვეველ ვითარებაში და ექსპერტიზის პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რაც დაადასტურებს არის თუ არა გარაცვალების მიზეზი ნამდვილად სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება. 4-ვე შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ემუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, სინთეტიკური ნარკოტიკით ამ დრომდე, ოცამდე ადამიანია გარდაცვლილი. გამოძიების ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ არსებობს, თუ რა იწვევს ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ნარკოტიკის სხვადასხვა სახეობაზე, ესენია მეფედრონი და ფენტანილი, იგივე ბიო-ჰეროინი. თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, "არა მხოლოდ ე.წ "მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ფენტანილი, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი)."

როგორც გარდაცვლილების ახლობლები ყვებიან, ნარკოტიკების მიღების შემდეგ ადამიანები სახლში მიდიან, იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ. 

კომენტარები