გირჩი

ზურაბ ჯაფარიძე: ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ

გირჩი

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის დაკისრებული 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ამის შესახებ მან დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ უდანაშაულოა, რაც შეეხება საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი თქმით, ეცდება, ეს საკითხი მოაგვაროს. ჯაფარიძემ ასევე თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე მის შესახებ ტყუილი თქვეს, ამიტომ ყველანაირად ეცდება, ეს პოლიციელები დაისაჯონ. გირჩის ლიდერის თქმით, მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს - სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს. 

"სახელმწიფოს მოუწევს ჩემგან ძალით ამოიღოს ეს 2000 ლარი. მე გავასუფთავებ ჩემი ბანკის ანგარიშს და ჩემი ბანკის ანგარიშიდან ვერცერთ ლარს სახელმწიფო ვერ წაიღებს, რომ დაფაროს ამ 2000 ლარის რაიმე ნაწილი. ამის შემდეგ სახელმწიფოს დარჩება ერთადერთი გზა, ეს არის ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა ყიფშიძეზე, სადაც ცხოვრობენ ჩემი მოხუცი მშობლები. მე გარანტიას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ამ ბინას ისინი ვერ გაყიდიან, ჩემს მშობლებს გარეთ ვერ გამოყრიან. 

ამ სისტემის შიგნით არავინ არასოდეს არ დასჯილა. მუდმივად ჩვენ ვხედავთ რომ სისტემა ადამიანებს ჩაგრავს, მათ შორის შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე ეწირება ამას და სისტემა რაღაცნაირად ახერხებს რომ ეს ყველაფერი მიჩქმალოს, დრო გაწელოს და საბოლოო ჯამში მოგვატყუოს რომ ვითომ რაღაც მოხდება. ეს ხდება ბევრ გახმაურებულ საქმესთან მიმართებაში და ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს, რა ხდება გაუხმაურებელ საქმეებთან მიმართებაში, გუშინ რაც ჩანდა სასამართლოზე, ჩანდა მარტივი რაღაცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანის მიმართ სისტემას შეუძლია მოიყვანოს ორი პოლიციელი რომლების მოჰყვებიან ზღაპრებს და ამ ადამიანს სისტემა რასაც, უნდა იმას უზამს, უბრალოდ იმიტომ რომ ორი პოლიციელი მოყვება რაღაც ზღაპრებს.

ამიტომ მეორე რასაც გავაკეთებ არის ის რომ ამ ადამიანებმა, პოლიციელებს ვგულისხმობ, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშული კონკრეტული, ანუ მოიტყუეს, ამ საქმის მივყვები ბოლომდე, მივაღწევ იმას რომ სისტემის შიგნით ვიღაცები აუცილებლად დაისაჯონ, ჩემთვის არ არის არანაირი თვითმიზანი, კონკრეტული რიგითი პოლიციელები დაისაჯონ, მე მაინტერესებს ვინ იძლევა ისეთ ბრძანებებს, ვინ არიან ზემოთ ისინი ვინ ამ სისტემას ასე ამუშავებენ", - თქვა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარით 3 მაისს დააჯარიმა. პარტიის კიდევ ორ წევრს, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს კი 10-10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. 

საქმის დეტალები წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები