იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები

სასამართლომ იუსტიციიდან გათავისუფლებულ ახობაძეზე გადაწყვეტილება ბათილად ცნო

ტაბულა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

როგორც ახობაძემ ტაბულას უთხრა, ადამიანმა, რომელიც ახლა მის პოზიციაზე მუშაობს, პროცეში ჩართულობა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმააყოფილა. შედეგად, მოსამართლემ ბათილად ცნო სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებები და პროცესები ხელახლა უნდა დაიწყოს. თამაზ ახობაძის განმარტებით, არ გაბათილებულა სასამართლოს მხოლოდ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო.

"შუამდგომლობა დააყენა იმ ადამიანმა, რომელიც დღეს ჩემს პოზიციაზე მუშაობს. ითხოვს, რომ პროცესში იყოს მისი ჩართულობა, მე მომადგა ზიანი და სასამართლომ თავის დროზე რომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩემთვის უნდა ეკითხა აზრიო. ახლა სასამართლომ გააუქმა, ბათილად ცნო ძველი გადაწვეტილება და თქვა, რომ ამ ადამიანს მართლა ჰქონდა პროცესში ჩართვის უფლება, რადგან მისი უფლებები შეილახა და თავიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი მისი ჩართულობით", - ამბობს თამაზ ახობაძე.

მისივე თქმით, მოსამართლის დასაბუთება ჯერ არ იცის, რადგან განჩინება არ ჩაბარებია. ახობაძე დარწმუნებულია, რომ შუამდგომლობა თეა წულუკიანის მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით დაიწერა.

"ქალბატონი თეას ყველა განცხადება, როცა ჩვენ უკვე ვთხოვდით აღსრულებას, იყო რომ შეისწავლის ამ საქმეს. ძალიან კარგად შეისწავლა, აღმოაჩინა კანონში ხარვეზი, რომელსაც კანონი არ აკონტროლებს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებები, პრეცედენტული გადაწყვეტილებები არსებობს, როცა ამბობს მოსამართლე, რომ არაფერ შუაშია ვინ დაინიშნა, მთავარია, რომ ადამიანის უფლებები დარღვეულია და უნდა აღდგეს. მოიფიქრეს კანონში ხარვეზი და დააწერინეს ამ ადამიანს განცხადება. ეს რომ მისი დაწერილი შიამდგომლობა არ არის და წულუკიანის მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის დაწერილია, ზუსტად ვიცი", - ამბობს თამაზ ახობაძე.

ის აპირებს სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

"ყველა ვარიანტში მოგებული საქმეა ეს. აქ თუ ვერ მოვიგებ, სტრასბურგში წავიღებ. უბალოდ დროში წელავენ და ნერვებს მიშლიან", - ამბობს ახობაძე.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 8 თვის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანა სუბელიანს აცნობა, რომ აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა. დღემდე, უცნობი იყო აღსრულების გადაწყვეტილება თამაზ ახობაძესთან დაკავშირებით.

კომენტარები