იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები

აღსრულებამ წულუკიანის მიერ უკანონოდ დათხოვნილი სუბელიანის აღდგენა შეუძლებლად მიიჩნია

აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლის, ანა სუბელიანის აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 4 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ხაზგასმით წერია, რომ ანა სუბელიანის აღდგენა უნდა მომხდარიყო ტოლფას თანამდებობაზე, რომელიც მოსამართლემ თავადვე განსაზღვრა და მიუთითა - მედიაციის სახლის მენეჯერის პოზიცია; სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საშტატო ნუსხაში კი, არც დავის წარმოშობის, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და არც სააღსრულებო პროცესის პერიოდში - დღემდე, ასეთი თანამდებობა არ არსებობს, რითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია უფლებამოსილებას, მოვალე მხარეს იძულებით მოსთხოვოს ანა სუბელიანისთვის სხვა ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ასევე ამბობენ, რომ როგორც ნებისმიერ სხვა სააღსრულებო წარმოებაში, ამ შემთხვევაშიც, მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვით ხელმძღვანელობდნენ და მათი ძალისხმევით 5 თვის განმავლობაში მხარეებთან არაერთი შეხვედრა შედგა, თუმცა მორიგება ვერ მოხერხდა.

"მოვალე მხარისგან გამოთხოვილი ყველა საჭირო დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულების შემაფერხებელი ობიექტური გარემოებები, რის გამოც ბიურო ეცადა, საქმე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე მორიგებით დაესრულებინა. სწორედ ამ მიზნით 2017 წლის 13 დეკემბრიდან, რაც ანა სუბელიანმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სააღსრულებო წარმოებაში აღმასრულებელთან ერთად ჩაერთო მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურიც. მას შემდეგ, რაც ანა სუბელიანს მედიაციისას განემარტა აღსრულების შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების შესახებ, მან მორიგების სანაცვლოდ მის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გარდა მოითხოვა 12 500 ლარის ოდენობის თანხა, რასაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ვერ გადაიხდიდა სამართლებრივი საფუძვლის უქონლობის გამო. სამწუხაროდ, მიუხედავად აღსრულების ეროვნული ბიუროს ძალისხმევისა, მხარეებს შორის შეთანხმება და მორიგება პირობების რადიკალური სხვაობის გამო ვერ მოხდა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, ვინაიდან შეუძლებელი იყო სააღსრულებო ფურცლის სასამართლოს მიერ დადგენილი მოცემულობის ფარგლებში აღსრულება, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იხელმძღვანელა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით (35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი), სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით უკან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

თუმცა, დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

2018 წლის 12 თებერვალს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად აღასრულებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში წულუკიანმა ახობაძესა და სუბელიანს პოლიტიკურად ანგაჟირებულები უწოდა. 

კომენტარები