პარლამენტის ძველ შენობაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომამ, რომელზეც იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ანგარიშის წარდგენა ჰქონდა, ხმაურის ფონზე ჩაიარა.
იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებმაც სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოიგეს დავა, კითხვის დასმა სურდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ასრულებს აღსრულების ბიურო თავის მოვალეობას დადგენილ ვადებში.
ანა სუბელიანსა და თამაზ ახობაძეს კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ, მათ მიკროფონი რამდენჯერმე გაუთიშეს. სუბელიანი პროცესს Facebook LIVE-ის საშუალებით გადასცემდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ კითხვა გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად დასვა.
"საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ რატომ აძალებთ სხვა ადამიანებს და აიძულებთ, დაასაქმონ ქართული ოცნების აქტივისტები და შემდგომ, როდესაც სასამართლო დაამტკიცებს, რომ მართლაც ამას აკეთებთ და უკანონოდ იქცევით თქვენ, საქართველოს იუსტიციის სამარცხვინო მინისტრი, რომელიც ასევე, ლანძღავს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, თქვენ, რომლის პირადი ხელმძღვანელობითაც 3-ჯერ ჩავარდა ევრომოსამართლეების სია, რაც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში, დიახ, თქვენ ხართ საქართველოში სამარცხვინო მინისტრი, რომელიც არცერთ კითხვას არასოდეს არ პასუხობს, არამხოლოდ ამ ორი მოქალაქის [სუბელიანი-ახობაძე],"- თქვა თინა ბოკუჩავამ
წულუკიანმა კვლავ თქვა, რომ "გადაწყვეტილება აღსრულდება", თუმცა, გათავისუფლებული თანამშრომლების კითხვის მიუხედავად, არც ამჯერად დაუკონკრეტებია, როდის.
"მათ მოიგეს სასამართლო პროცესი იუსტიციის სამინისტროს ერთერთი სსიპ-ის წინააღმდეგ და გილოცავთ, ქალბატონო თინა, დიახ, სასამართლოს რეფორმა არის წარმატებული. რაც შეეხება აღსრულებას. ის გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს იმ მოცემულობით და იმ მითითებებით ზედმიწევნით, რაც არის სასამართლო გადაწყვეტილებაში. თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს აღმოაჩნდება რაიმე ხარვეზი, მზად ვარ, ერთად მივმართოთ სასამართლოს,"- განაცხადა წულუკიანმა.
სუბელიანის კითხვას, როგორ უნდა შეამოწმოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, წულუკიანმა არ უპასუხა და თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით გააგრძელა:
"და ბოლოს, თქვენ, ორივენი, მაშინ, როდესაც მუშაობდით ჩვენს სისტემაში და როდესაც მაშინდელმა ხელმძღვანელმა გაგათავისუფლათ, თუ თქვენით წახვედით, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. საზოგადოებას ეუბნებით, რომ ჩვენო, პოლიტიკურად ნეიტრალურები ვართო და ქალბატონი თინას [ბოკუჩავას] კალთას ამოფარებულები მობრძანდით. თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, სამწუხაროდ".
ამ სიტყვებით იუსტიციის მინისტრმა სხდომა დატოვა და სუბელიანის ბოლო რეპლიკას, რომ ყველას შეუძლია, გამოიყენოს პოლიტიკოსი ადვოკატირების მექანიზმად, ისევ არ უპასუხა.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის ეროვნული ცენტრის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა 12 თებერვალსაც სცადეს, იუსტიციის მინისტრისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოეთხოვათ. თუმცა, ისინი ეროვნული არქივის შენობაში, ღონისძიებაზე, სადაც იუსტიციის მინისტრმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის 5 წელი შეაჯამა, არ შეუშვეს.
სუბელიანი და ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა.
თუმცა, დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია.
ის, რომ სუბელიანისა და ახობაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საგანგაშო ფაქტად მიიჩნია. საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, "ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ნებაყოფლობით არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის საშიში ტენდენცია და არის შეტყობინება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ თუკი ის უწყება, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული იცავდეს კანონს და უზრუნველყოფდეს სამართლიანობას ქვეყანაში, ვერ და არ უზრუნველყოფს სამართლიანობას, არის შეტყობინება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომ მათ შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულონ".