ტრანსპორტი

პარლამენტმა ტაქსების ლიცენზირების კანონი მიიღო

georgiastartshere.com

პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქში ტაქსის სერვისი სალიცენზიო საქმიანობა ხდება. რეგულაცია ქვეყნის სხვა ქალაქებს არ ეხება.

ახალი წესის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ვალდებულება გაუჩნდებათ. მათ სავალდებულო წესით უნდა დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრავონ. 

ამ დროისთვის არაა გადაწყვეტილი თუ რა ეღირება ლიცენზია, თუმცა მერიის ინფორმაციით ის 50-100 ლარის საფასურში იქნება.

2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, თბილისის მთავრობამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესი.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად მინიმუმ 20,000 ტაქსი მოძრაობს, თუ თითოეულ მათგანს 50 ლარის გადახდა მოუწია, მერია ახალი ლიცენზიის მეშვეობით წელიწადში 1 მილიონ ლარს აკრეფს.

ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ "იტაქსავებენ" 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება.

ერთ მოსახლეზე ანგარიშით თბილისში ყოველ 56 მაცხოვრებელზე ერთი ტაქსი მოდის. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით ტაქსისტობას იწყებს.

თუ ამ ადამიანებმა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს მათ შესაძლოა, შემოსავლის წყარო დაკარგონ.

ტაქსებს ამასთანავე ტექდათვალიერების გავლაც მოუწევთ.

კომენტარები