ჰომოფობია

დიმიტრი ცქიტიშვილი: ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაჩაგრულ ჯგუფებს უნდა იცავდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი

მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი ლგბტ აქტივისტებმა ხმაურით დატოვეს, კომიტეტის წევრმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კოლეგებს მიმართა. მან დეპუტატებს მოუწოდა, არ დაივიწყონ, რომ ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტია, რომელიც, პირველ რიგში, დაჩაგრული და ყველაზე მარგინალიზებული ადამიანების უფლებები დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. 

"მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, რომ ესეთ საკითხებს მშვიდად შევხვდეთ. იმიტომ რომ ეს ჯგუფი თავისი მდგომარეობით ძალიან მარგინალიზებული და ძალიან ბევრი ტრაგედია დგას მათი ცხოვრების უკან. მათი ეტაპაჟი გამომდინარეობს არა მათი დალხენილი ცხოვრებით, არამედ იმ უფლებების შეზღუდვით, რომლებზეც თუნდაც ამ ანგარიშში არის მოცემული. ამას აქვს მწვავე გამოხატულება. ჩვენი ვალდებულებაა, მშვიდად შევხვდეთ, დავინახოთ ეს პრობლემა, გავუსწოროთ თვალი და შესაბამისად, იმ დარღვევების შემთხვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არის და არის მრავლად, ყველანაირი დონით, როგორც უფლებრივი, ისე ძალადობის კუთხით და ასე შემდეგ, რომელიც მოცემულია სახალხო დამცველის ანგარიშში, შევხედოთ ძალიან ჯანსაღად. ჩვენი ვალდებულება ამაშია. მე მესმის, რომ ეპატაჟმა დაკარგა კორექტულობის და საპარლამენტო ფორმა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სახე და ფორმა უნდა შევინარჩუნოთ და რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ პირველ რიგში, ყველაზე დაჩაგრული და ყველაზე მარგინალიზებული ადამიანების უფლებები დაიცვას", - თქვა ცქიტიშვილმა. 

დღეს ლგბტ აქტივისტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს. მათ ჯერ აქცია გამართეს, შემდეგ კი კომიტეტის სხდომასაც დაესწრნენ.

სხდომის მიმდინარეობისას სოფიო კილაძემ მათი კითხვები უპასუხოდ დატოვა, რასაც ხმაური მოჰყვა. აქტივისტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკითხებოდნენ, არის თუ არა ლგბტ ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებები, რაზეც კილაძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის თქვა, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია.

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ამ დღის აღნიშვნა გაწერილი იყო, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ გუშინ, 30 აპრილს თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა".

კომენტარები