ჰომოფობია

ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ხმაური იყო, ლგბტ აქტივისტებმა დარბაზი დატოვეს

ლგბტ აქტივისტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით ჯერ აქცია გამართეს, შემდეგ კი კომიტეტის სხდომაზე დასწრება მოითხოვეს.

სხდომის მიმდინარეობისას, სოფიო კილაძემ მათი კითხვები უპასუხოდ დატოვა, რასაც ხმაური მოჰყვა. აქტივისტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკითხებოდნენ, არის თუ არა ლგბტ ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებები, რაზეც კილაძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის თქვა, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია.

"დანარჩენი არის თქვენი ბელეტრისტიკა", - აღნიშნა მან.

ამის შემდეგ აქტივისტებმა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხეს რატომ ამოიღეს სამოქმედო გეგმიდან ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის, 17 მაისის აღნიშვნა, თუმცა პასუხი ვერც ამ კითხვაზე მიიღეს. რის შემდეგაც, მათ სხდომა დატოვეს.

კომიტეტზე დამსწრე დეპუტატების ნაწილის თქმით, აქტივისტების ქმედება პროვოკაცია იყო.

"მე მგონი, ეს ადამიანები ამტვრევენ ღია კარს, ჩვენ არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაგვიკეთებია", - თქვა სოფიო კილაძემ.

ის მისი გადადგომის მოთხოვნას უსაფუძვლოს და სასაცილოს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი აქცია მის წინააღმდეგ მართული პროცესის ნაწილია.

17 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სოფიო კილაძემ დღეს ჟურნალისტების კითხვებსაც არ უპასუხა.

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ამ დღის აღნიშვნა გაწერილი იყო, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ გუშინ, 30 აპრილს თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა".

კომენტარები