რელიგიათა საბჭო

რელიგიათა საბჭო: არ დაუშვათ გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესება

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან ასოცირებულმა რელიგიათა საბჭომ ღია წერილით მიმართა პარლამენტს, არ მიიღონ კანონი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" შესახებ. 

საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ზედმიწევნით კარგად აცნობიერებენ, რამდენად მწვავე პრობლემაა შეუწყნარებლობა და შეურაცხმყოფელი გამოხატვა საჯარო სივრცეში, რადგან წლებია თავად არიან ამის სამიზნეები, თუმცა მიუხედავად, ამისა, მათი განცხადებით, ისინი თანხმდებიან, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია ან რაიმე სახით მისი დასჯის დაკანონება საფრთხეს შეუქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომლითაც "ჩვენ ყველანი ვსარგებლობთ". ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება პრობლემატურს გახდის პლურალიზმსა და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფართო დისკუსიის შესაძლებლობას. 

"მიგვაჩნია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოხატვასა და შეურაცხყოფას რელიგიურმა გაერთიანებებმა უნდა დავუპირისპიროთ სიტყვიერი შეგონება, საგანმანათლებლო საქმიანობა და სამოძღვრო მზრუნველობა. რეპრესიული გზებით ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობა კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის აგრესიისა და შეუწყნარებლობის პრობლემას. ყოველივე აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესება და კითხვის ქვეშ არ დააყენოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და პლურალისტური განვითარება,"- წერია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: 

  1. ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  2. სომეხთა კათოლიკე ეკლესია
  3. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  5. სახარების რწმენის ეკლესია
  6. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  7. ეზიდთა სასულიერო საბჭო
  8. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  9. ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
  10. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  11. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  12. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  13. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  14. ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველო
  15. ხსნის არმია
  16. საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
  17. მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  18. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში

საქმე ემზარ კვიციანის კანონპროექტს ეხება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. კერძოდ, მისი ინიციატივით, კოდექსს უნდა დაემატოს 155/1 მუხლი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ასევე რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. 

ამ კანონპროექტს პრინციპების დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. 

კომენტარები