რუსული ცენზურა

კრემლმა ქვეყანაში Coda Story-ის რუსულენოვან საიტზე წვდომა შეზღუდა

კრემლმა რუსეთში მულტიმედია პლატფორმის, Coda Story-ის რუსულენოვანი საიტი დაბლოკა. ვებგვერდის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ საიტის დაბლოკვა უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რაც პოპულარული მესენჯერ აპლიკაცია Telegram-თან დაკავშირებულ სკანდალს უკავშირდება. 

ერთი თვეც კი არ გასულა მას შემდეგ, რაც Coda Story-ის რუსულენოვანი საიტი მოხმარებაში ჩაეშვა, თუმცა რუსეთში მცხოვრები ინტერნეტ-მომხმარებლები საიტზე შესვლას ვეღარ ახერხებენ კერძო VPN-ისა ან სხვა მსგავსი საშუალებების გარეშე, რაც იძლევა შესაძლებლობას, კონკრეტულ საიტებზე მთავრობის მიერ კონტროლირებული ინტერნეტის გარეშე გადახვიდე. 

ისეთი ამერიკული ინტერნეტ გიგანტები, როგორებიცაა Amazon და Google, ასევე, მოხვდნენ დაბლოკილთა სიაში, მას შემდეგ, რაც Telegram-ი ეცადა, გამოეყენებინა მათი სერვერი კრემლის კონტროლისგან თავის დასაღწევად.

როსკომნადზორმა, რუსულმა სამთავრობო ონლაინ ცენზორმა, მილიონობით IP მისამართი დაბლოკა, რათა მათ Telegram-თან წვდომის საშუალება არ ჰქონოდათ. 

ამ IP მისამართებს შორის მოხვდა კომპანია, სახელწოდებით Digital Ocean (ციფრული ოკეანე), რომელიც Coda Story-ის რუსულენოვანი ვებსაიტისთვის სერვერის უზრუნველყოფაზე მუშაობდა. საიტის რედაქტორი ალექსეი კოვალიოვი ამბობს, რომ დაბლოკვის შემდეგ საიტზე შემოსული მომხმარებლების რაოდენობა, ფაქტობრივად, 0-ზე დავიდა. შეზღუდვამ, ასევე, გავლენა იქონია ათასობით სხვა საიტზე. 

ონლაინ თავსატეხი 13 აპრილიდან დაიწყო, როდესაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ Telegram-ი რუსულ სპეცსამსახურებს მომხმარებლების კონტენტზე წვდომას არ მისცემს, საიტი უნდა დაიბლოკოს. 

FSB ირწმუნება, რომ რადიკალური ძალები Telegram-ის ფუნქციას "საიდუმლო ჩატს" ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმად იყენებენ. 

როდესაც Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა, უარი განაცხადა სასამართლოს შეთავაზებაზე, როსკომანდზორმა რუსეთის ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაებლოკათ Telegram-ის ვებსაიტები და სერვერები. Telegram-ი დაუყონებლივ გადავიდა Amazon-ისა და Google-ის სერვისებზე, რომლის დაბლოკვასაც როსკომნადზორი ასევე ეცადა. 

კოვალიოვმა განაცხადა, რომ საიტის დაბლოკვის შემდეგ, მას როსკომნადზორს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რამდენჯერმე ეცადა წერილის გაგზავნას, თუმცა მისი წერილები იბლოკებოდა და მითითებულ მისამართზე არ იგზავნებოდა.

 



ამავდროულად, ჯერჯერობით გაურკვეველი საშუალებებით, Telegram-ი კვლავ აგრძელებს რუსეთში ფუნქციონირებას. შეზღუდვების შედეგად, მან მხოლოდ ძალიან მცირედი პროცენტით დაკარგა თავისი მომხმარებლები.

კომენტარები