სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს გეგმავს

AP

სომხეთის ახლდადდანიშნულმა პრეზიდენტმა, არმენ სარგისიანმა განაცხადა, რომ კრიზისის გადასაჭრელად პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებს.

"მე ვიწყებ კონსულტაციებს საპარლამენტო და არა-საპარლამენტო წარმომადგენლებთან, რათა განვიხილოთ სიტუაცია, რაც ქვეყანაში შეიქმნა, და აქედან გამოსავალი." ნათქვამია სარგისიანის განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ცნობით სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს პარტია "აყვავებული სომხეთი" შეუერთდა, რომელსაც პარლამენტში რესპუბლიკური პარტიის შემდეგ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს.

საპროტესტო აქციებს შეუერთდა სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრაჩ როსტომიანიც, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

შეგახსნებთ, რომ სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და დროებითი მთავრობის დანიშვნას, ხოლო პრემიერმინისტრის პოსტზე ხალხის რჩეულს ითხოვენ.

ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ეს მოვალეობა შეასრულოს, თუ ხალხი "ამ პასუხისმგებლობას დააკისრებს."

დღეს ფაშინიანსა და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე პრემიერ კარენ კარაპეტიანს შორის შეხვედრა უნდა შემდგარიყო, თუმცა ის ჩაიშალა.

მიზეზად კარაპეტიანმა ფაშინიანის მხრიდან ცალმხრივი მოთხოვნები დაასახელა.

გავრცელებული ცნობით კარაპეტიანი პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას განიხილავს.

სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 13 აპრილს დაიწყო. სარგსიანმა თანამდებობა 23 აპრილს დატოვა. პარლამენტს პოსტზე ახალი კანდიდატის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს.

კომენტარები