ფინანსები

მთავრობამ შესაძლოა ბინის დალომბარდება აგიკრძალოთ

George Gogua / flickr.com

მთავრობამ შესაძლოა ბინის დალომბარდების უფლება წაგართვათ, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და თქვა რომ საზოგადოება ასეთ სესხებს ხშირ შემთხვევაში ბიზნესის დასაწყებადაც კი იყენებს. 

"ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო საქმიანობაში", - ამბობს მინისტრი.

არაა გამორიცხული ბინების დალომბარდებასთან ერთად, ავტომობილების დალომბარდებაზეც დაწესდეს რეგულაციები. 

რა ზომისაა საქართველოს სალომბარდე ბაზარი და ვინ დაზარალდება ასეთი აკრძალვის შემთხვევაში

საქართველოში სულ 875 ლომბარდია, ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს მათი მომსახურებით 2017 წელს 609,000-მა პირმა ისარგებლა, რაც საქართველოს მოსახლეობის 16%-ს შეადგენს.

ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მთლიანი ღირებულებამ 2017 წელს 405 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 64%-იც ლარის, ხოლო 36% უცხოური ვალუტის სესხი იყო. 

სესხის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 45.4% შეადგინა. მისი სესხის განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 46,2%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 32,7%-ით განისაზღვრა.

რეგიონების მიხედვით გაცემული სასესხო პორტფელის ყველაზე მაღალი წილი თბილისშია (67,8%), აჭარა (13,0%), იმერეთი (8,3%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,7%) და ქვემო ქართლი (3,3%).

ქართულმა სალომბარდე ბაზარმა მრავალი წელი განვლო იმისთვის რომ დღევანდელი მდგომარეობისთვის მიეღწია. მეტიც, იქამდე სანამ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური გახდებოდა (კუპონის და ჰიპერინფლაციის წლებში) ლომბარდები მოსახლეობის უმეტესობისთვის სესხის აღების პრაქტიკულად ერთადერთ გზას წარმოადგენდა.

დღეისთვის საკმაოდ დივერსიფიცირებულია იმ პროდუქტების ჩამონათვლი, რომელთა დალომბარდებაც არის შესაძლებელი, ეს იქნება სარეცხის მანქანები, უთოები, ქსეროქსის აპარატები და iPhone-ები.

სალომარდე სესხები რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ, სწორედ ამიტომ ეს რისკები სესხის განაკვეთში გათვალისწინებულია. ამ სესხებით ძირითადად ის ფიზიკური პირები სარგებლობენ, რომელთაც მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრა სურთ. ადამიანები, რომლებსაც გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო აღარ აქვთ ფულადი რესურსი, ამიტომ საკუთარ ქონებას დებენ უზრუნველყოფაში სესხის მისაღებად. ასეთი ტიპის სესხებს როგორც წესი ბანკები არ გასცემენ, ამიტომაც მოსახლეობა ამ მიზნით ლომბარდებსა და მიკროსაფინანსოებს მიმართავს.

სახლის ან ავტომობილის დალომბარდების აკრძალვის შემთხვევაში სალომბარდე ბაზარი შემცირდება, მაღალია ალბათობა ამან საპროცენტო განაკვეთების დამატებითი ზრდა გამოიწვიოს, რის შედეგადაც დაზარალდებიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ ტიპის სესხებით სარგებლობენ. მათ ფინანსური პრობლემის შექმნის შემთხვევაში ფულის შოვნა კიდევ უფრო გაუძვირდებათ.

არაა გამორიცხული ამ აკრძალვამ იპოთეკური სალომბარდე სესხების იატაკქვეშ გადანაცვლება გამოიწვიოს.

კომენტარები