სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

news.am

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა. არმენ სარქისიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 

"კონსტიტუციის 130-ე მუხლის საფუძველზე, მთავრობა გადაყენებულია" - წერია news.am-ის ცნობით, განკარგულებაში. 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი რამდენიმე საათის წინ გადადგა.

სომხეთის კონსტიტუციის 149-ე მუხლის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემდეგ შვიდი დღის ვადაში ეროვნული ასამბლეის ფრაქციებს უფლება აქვთ, პრემიერმინისტრობის კანდიდატები წარადგინონ. ამავე მუხლის თანახმად, ეროვნული ასამბლეა ირჩევს პრემიერმინისტრს დეპუტატთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით.

სერჟ სარგსიანი პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის მიუხედავად 17 აპრილს დაამტკიცა. რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ, სარგსიანი გადადგა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 22 აპრილს დემონსტრაციების დროს დააკავეს და დღეს გაათავისუფლეს, მართალი იყო, თავად კი ცდებოდა.

სერჟ სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას სწორედ ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები