მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აფგან მუხთარლის საქმეები სახ.დეპ-ის 2017 წლის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები. 

სახ.დეპ-ი წერს, რომ თებერვალში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საერთაშორისო დაცვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლის ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ თურქეთის და აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქის მიმართ. 

"მათ შორის არის მუსტაფა ემრე ჩაბუქიც, რომელსაც, ოჯახთან ერთად, მთავრობამ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ის ცოლთან ერთად საშუალო განათლების სფეროში მუშაობდა. მთავრობამ მას მაიშში უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსზე, თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ჩაბუქს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებდა. ამის გამო სახალხო დამცველი, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამდნენ შეშფოთებას და ამბობდნენ, რომ თუ ჩაბუქი და მისი ოჯახი თურქეთში დაბრუნდებოდა, მათ გასამართლება და წამება ელოდათ", - ნათქვამია ანგარიშში. 

სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაბუქის საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპებს ყვება და შეფასებისას სწორედ საქართველოს სახალხო დამცველის და ორგანიზაციების განცხადებებს ეყრდნობა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია თურქული, ჩაღლარის ქსელის სკოლებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. სწორედ ამავე კონტექსტშია ნახსენები დემიერლის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის თავშესაფარზე უარის თქმა და თურქეთის მოთხოვნით მისთვის წინა-საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ

სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურად აღწერს იმ მოვლენებს, რომელიც საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის ირგვლივ განვითარდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუხთარლიმ მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. 

აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, 20 აპრილს გამოქვეყნდა.

კომენტარები