შეწყალების კომისია

"მისი ძირითადი მოტივატორია ოჯახზე ზრუნვა"-ციხის ფსიქოლოგის დასკვნა ვეფხია ბაქრაძეზე

პირველი რადიო

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ის დასკვნები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ბაქრაძე მისი ყოფილი ცოლის შვილის მკვლელობაში არის ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, მან 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მისი შვილების წინ მოკლა. 

ქორიძემ დღეს ის პროცედურებიც განმარტა, რაც შეწყალებას უძღვის წინ. მისი თქმით, კომისიაში მიდის კონკრეტული მსჯავრდებულის საქმე სასჯელაღსრულების კონკრეტული დაწესებულებიდან. მანამდე კი, თავად მსჯავრდებული ან უფლებამოსილი პირი წერს განცხადებას შეწყლების თხოვნით. მსჯავრდებულის მხრიდან დადასტურების შემდეგ, კომისია იღებს კონკრეტულ მასალებს მსჯავრდებულის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს მასალები არის: განაჩენები, დასახიათებები, რომლებსაც ამზადებს დაწესებულების ადმინისტრაცია, სოციალური განყოფილება, ფსიქოლოგი, სამართლებრივი სამსახური და ასევე სამედიცინო ცნობა, რომელიც ერთვება საქმეს.

ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე თავდაპირველად სასჯელს იხდიდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ თბილისის ნომერ მე-12 დაწესებულებაში, სწორედ ამ უკანასკნელიდან გაიგზავნა დახასიათებები შეწყალების კომისიაში, რომელიც დღეს ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე წაიკითხა. 

"გამოგზავნილი დახასიათების თანახმად, სასჯელის მოხდის პროცესში მსჯავრდებული არც დასჯილი ყოფილა და არც წახალისებული, იგი იცავდა დაწესებულების დებულებას, დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებდა ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს, დაწესებულების ადმინიტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში იყო თავაზიანი, არ იყო კონფლიქტური და აგრესიული.

სოციალური მუშაკის განმარტებით, ბაქრაძეს აქვს საშუალო განათლება, მან დაამთავრა თბილისის ერთერთი საჯარო სკოლა, არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. იგი ხშირად დადის დაწესებულების ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა, კითხულობს სხვადასხვა ლიტერატურას, ესწრება დაწესებულებაში გამართული ფილმების ჩვენებებს, ვარჯიშობს დაწესებულებაში არსებულ ტრენაჟორებზე.

ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბაქრაძეს ჩაუტარდა რამდენიმე ინტერვიუირება, იგი განსაკუთრებული რისკფაქტორის გარეშეა, გარეგნულად მოწესრიგებულია, საუბრის პროცესში მშვიდი და გაწონასწორებულია, არ ქმნის დაწესებულებაში კონფლიქტურ სიტუაციებს, გამომუშავებული აქვს დროის მართვის უნარები, კითხულობს ბევრს, აქვს სამუშაო გამოცდილება, აწარმოებს ადეკვატურ კომუნიკაციას, მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი და მასზე ზრუნვა. ავლენს კონფლიქტური უნარების ნორმალურ ხარისხს, საკუთარი შესაძლებლობების შეფასების კონტექსტში ადეკვატურად საუბრობს სამომავლო გეგმებზე. მსჯავრდებული დანაშაულის შეფასებისას ადეკვატურია, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს თავის ქცევას, ვლინდება პასუხისმგებლობის განცდა." - წერია დასკვნებში, რომელიც ქორიძემ წაიკითხა. 

გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

კომენტარები