ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი (ფინანსთა სამინისტრო) ორშაბათს წარადგენს ახალ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის მიზეზი რუსეთის მიერ სირიის სამთავრობო რეჟიმის მხარდაჭერაა. ასადის ძალებმა 7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა განახორციელეს. ახალი სანქციები გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ
"რუსეთის სანქციები მალე ამოქმედდება, ხაზინის მდივანი სტივენ მანუჩინი მათ ორშაბათს წარადგენს. სანქციები შეეხება იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ასადის რეჟიმს უწევენ მხარდაჭერას",- CBS-ის ეთერში თქვა ჰეილიმ.
გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ჩავარდა. რეზოლუციით რუსეთი სირიაში აშშ-ისა და მისი პარტნიორების "აგრესიას" გმობდა.
მხოლოდ სამმა ქვეყანამ - რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ დაუჭირეს რეზოლუციის მიღებას მხარი. შაბათს გამართულ სხდომაზე 15 ქვეყნისგან შემდგარ უშიშროების საბჭოზე, რომელიც რუსეთის მოთხოვნით შეიკრიბა 8 ქვეყანამ რუსული რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. სამმა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად მინუმუმ 9 წევრის თანხმობა ესაჭიროება.
აშშ-მა მის პარტნიორებთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად, სირიაში მდებარე სამხედრო და ქიმიური იარაღის საწყობებზე წერტილოვანი დარტყმები 14 აპრილის ღამეს მიიტანეს.
დაბომბვის მიზეზი 7 აპრილს სირიის სახელისუფლებო ძალების მიერ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. მომწამლავ ნივთიერებას 60-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.
ქიმიური თავდასხმის გამო დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ცხოველი უწოდა და განაცხადა, რომ ამას სარაკეტო დარტყმების სახით მოჰყვებოდა აშშ-ის პასუხი.
აშშ-მა რუსეთს სანქციები 6 აპრილსაც დაუწესა. მაშინ სანქციების სამიზნე ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვილის ოლიგაქრები იყვნენ. აღნიშნულმა სანქციებმა რუსეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. რუბლი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა, ოლიგარქებმა $17 მილიარდზე მეტი დაკარგეს.