სირია

Eurocontrol ავიახაზებს სირიაში შესაძლო სარაკეტო დარტყმების შესახებ აფრთხილებს

Eurocontrol

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია Eurocontrol ავიახაზებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ფრენების განხორციელებისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. მიზეზად უახლოეს 72 საათში სირიაში შესაძლო სარაკეტო დარტყმები სახელდება.

Eurocontrol-ის მიხედვით ამ პერიოდში მოსალოდნელია სარაკეტო იერიშების გახშირება, რამაც შესაძლოა ნავიგაციის მოწყობილობების მუშაობას ხელი შეუშალოს.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს უსაფრთხოების ახალ მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას სავარაუდოდ სირიაში საპასუხო ქმედებები განიხილა. შეხვედრამდე მან თქვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად სამოქმედო გეგმას უახლოეს 48 საათში შეიმუშავებდა.

გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით საპასუხო ქმედებებს ისინი აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში საჰაერო დარტყმებით დაიმუქრა.

დღეს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მხარეებს სირიაში საპასუხო ქმედებების განხორციელებისას სიფრთხილისაკენ მოუწოდა. მისი თქმით რუსეთი მისი მოკავშირის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო ქმედებებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები