სურსათის უვნებლობა

რომელი საწარმოების პროდუქციაში აღმოჩნდა ცხენისა და ვირის ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტო

ცხენისა და ვირის ხორცი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისას 9 დარღვევა გამოავლინა. 

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, მათივე განცხადებით,  ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს.

სახეობრივი კვლევის (ცხენისა და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. სააგენტოს ცნობით, აქედან 7 ნიმუშში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ხოლო 2-ში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მწარმოებლები აღნიშნული დარღვევის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე უწყებამ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ი/მ "დავით წოწკოლაურის" კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი. სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი დაილუქა და განადგურდება. საწარმოს შეუჩერდა საქმიანობის უფლება.


კომენტარები