კადეტთა კორპუსი

მცხოვრებლები კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ითხოვენ და მერს ტყუილში ადანაშაულებენ

at,ge

თაბუკაშვილის ქუჩაზე, "კადეტთა კორპუსის" მცხოვრებლები კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ და მერზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას სთხოვენ. 

საქმე ამავე ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, "კადეტთა კორპუსის" რეაბილიტაციას ეხება. შენობაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ თბილისის მერიას მისი რეაბილიტაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერც ერთხელ ვერ მიიღეს. მათი თქმით, კორპუსი ავარიულია, მძიმე მდგომარეობაშია და "ყოველდღე ინგრევა". 

კალაძემ გუშინ, ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ თბილისის მერია ვერ იწყებს ავარიული შენობის რეაბილიტაციას, ვინაიდან აქ მცხოვრებთა ნაწილი, რომლებსაც ე.წ მიშენებები აქვთ გაკეთებული, მათ წინააღმდეგობას უწევენ. 

„ადამიანები გამოდიან და გვაკრიტიკებენ, რატომ არ უფრთხილდებით ისტორიულ ძეგლებსო. კონკრეტული მაგალითი მაქვს: მივდივართ კადეტთა კორპუსთან, ისტორიული ძეგლია მთაწმინდაზე, რომელიც არის კატასტროფულ, ავარიულ მდგომარეობაში და შეიძლება დაინგრეს. მივდივართ და ვეუბნებით, რომ ეს არის სარეაბილიტაციო. ჩვენ რეაბილიტაციის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, რადგან ისტორიული ძეგლია, იერსახე შევუნარჩუნოთ. თუმცა, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც არაკანონიერი მიშენებები აქვთ ძეგლზე. ვეუბნებით, რომ ძეგლის ფარგლებში ეს ყველაფერი უნდა მოიხსნას და ძეგლს უნდა მიეცეს სახე, მაშინვე ექმნებათ დისკომფორტი და იწყება წინააღმდეგობა. ჩვენ თუ საზოგადოებრივი ინტერესი არ გავაძლიერეთ და მეტი სიყვარული არ ჩავდეთ ქალაქის განვითარებაში, მხოლოდ კანონებით და მერის და მერიის რეფორმებით წინ ვერ წავალთ", - თქვა კახა კალაძემ. 

ნუკა ორჯონიკიძე ამბობს, სინამდვილეში "კადეტთა კორპუსში" მცხოვრებთა უმეტესობა შენობის რეაბილიტაციისთვის მზად არის, ხელი მოაწეროს ყველა დოკუმენტს, რომელიც კორპუსის გადასარჩენად და მობინადრეთა სიცოცხლის დასაცავად იქნება საჭირო.

მისივე თქმით, ამხანაგობამ თბილისის განვითარების ფონდიდან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კორპუსის მცხოვრებთა 100%-ის თანხმობის შემთხვევაში, 2020 წლიდან ეცდებიან მოიძიონ თანხები, რომელიც კორპუსის რეაბილიტაციისთვის იქნება საჭირო, ასევე რეაბილიტაციის პროექტის შედგება.

ორჯონიკიძე ამბობს, რომ ეს ნიშნავს, რომ თბილისის მერიას ამ დრომდე შენობის რეაბილიტაციაზე არ უზრუნია და ახლა კალაძე ცდილობს, თითი "კადეტთა კორპუსის" მცხოვრებლებისკენ გაიშვიროს. 

"კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პირდაპირ წერია, რომ თუ მესაკუთრე ვერ ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს და მესაკუთრის ნებართვის გარეშე მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა/რეაბილიტაცია. მერია ასევე ვალდებულია, შენობაზე მუდმივად განახორციელოს მონიტორინგი და მოსახლეობისგან სავარაუდო წინააღმდეგობის შემთხვევაში, სასამართლოს დახმარებით მიაღწიოს სავალდებულო თანხმობას. კანონით მინიჭებული ეს უფლება მერიამ წარმატებით გამოიყენა აღმაშენებლის გამზირის, კოლმეურნის მოედნის და სხვა ობიექტების რეაბილიტაციის შემთხვევაში.

"კადეტთა კორპუსს" ამდენი დრო არ დარჩა. ყოველდღიურად მატულობს ბზარები, ცვივა შენობის ფრაგმენტები და დაზიანებულია საყრდენი კედლები, რაც საფრთხეს უქმნის 80 ოჯახის სიცოცხლეს. შენობას მინიჭებული აქვს მე-4 კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი", - ამბობს ორჯონიკიძე. 

მისი თქმით, გამოსავალი ერთია - მერიამ და სახელმწიფომ შეასრულოს მათზე დაკისრებული მოვალეობები და სასწრაფოდ დაიწყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, ან მოიხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, სახელწიფო რეგულაციების და ზედამხედველოს გარეშე საკუთარი ქონება თავად განკარგოს. 

"კადეტთა კორპუსი" თაბუკაშვილის 46/ლაღიძის 2-ში მდებარეობს. შენობა დაახლოებით 150 წლისაა. ის თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ კადეტთა კორპუსი გაუქმდა, 1918 წელს კი შენობა კომუნალურ საცხოვრებლად გადაკეთდა. 

კომენტარები