სახალხო დამცველი

"ბოზი ქალებივით ყვირიხართ" - ომბუდსმენი შაქარიშვილის რეპლიკას სექსისტურს უწოდებს

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის რეპლიკა – "რა არის ეს? ბოზი ქალებივით ყვირიხართ“ - სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს. ომბუდსმენის განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ხელი შეუწყონ თანასწორობის პრინციპის დაცვას.

"მათი მხრიდან გამოთქმული სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამების გამოყენებას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, ქალს დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩენს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირთა მიერ სექსისტური და დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები აკნინებს საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას" - აცხადებს სახალხო დამცველი და მოუწოდებს ვახტანგ შაქარიშვილს, თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და დაიცვას თანასწორობის პრინციპი.

შეგახსენებთ, რომ ვატო შაქარიშვილმა ოპოზიციას შეურაცხყოფა 27 მარტს, თბილისის გენგეგმის განხილვაზე მიაყენა. 

კომენტარები