კორუფცია

სუს: გურჯაანის მერიის და გამგეობის 7 თანამშრომელი პასუხისგებაში მივეცით

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივ გულგრილობაში გურჯაანის მერიისა და გამგეობის 7 თანამშრომელი ამხილა. სუს-ის ინფორმაციით, მათ მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი 14 302,96 ლარი.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის  განყოფილების უფროსი, განყოფილების მშენებლობის უფროსი სპეციალისტი, იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი, გურჯაანის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე, ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.

სუს-ის განცხადებით, 2017 წელს, გურჯაანის გამგეობასა და შპს მოხელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესასრულებლად. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების საერთო ღირებულება 44 849,98 ლარს შეადგენდა. გურჯაანის გამგებლის ბრძანებით, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი სპეციალურ კომისიას დაევალა.

"შპს მოხელემ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849,98 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად 29 048,11 ლარის სამუშაოები შეასრულა. შპს "მოხელეს" დირექტორმა და დამფუძნებელმა თემურ ფ-მ  არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შეადგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფორმა №2-ები საერთო ღირებულებით 43 351,07 ლარი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარადგინა.

დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, კომისიის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს. მათ სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად, სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად. ამის საფუძველზე გამგებელმა სამუშაოები ჩაიბარა, რაც საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი გახდა" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების სამ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს .

კომენტარები