გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტს შესაძლოა, ნაჩუქარი ტრაქტორის დათმობა მოუწიოს


ფოტო: president.gov.by

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა, ნაჩუქარი ტრაქტორის დათმობა მოუწიოს. ამის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნაა.

საჯარო მოხელეთა ინტერსთა შეუთავსებლობისა და კორუფციის კანონის მეხუთე მუხლის მიხედვით:

"საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა - 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან."

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გიორგი მარგველაშვილისთვის ნაჩუქარი ტრაქტორის BELARUS-152-ის ღირებუელბა $5,000-ია.

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო თვეში 6,900 ლარია. შესაბამისად პრეზიდენტის წლიური ანაზღაურება 82,800 ლარია. ამ თანხის 5% 4,140 ლარი გამოდის შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილს ერთჯერადად სწორედ ამ თანხის საჩუქრის მიღება შეუძლია. 

პრეზიდენტის მიერ მიღებული საჩუქარი "დიპლომატიურ საჩუქრად" კვალიფიცირდება, თუმცა ამავე კანონის მიხედვით, ამ ტიპის საჩუქრის მაქსიმალური ღირებულება მაქსიმუმ 300 ლარი შეიძლება იყოს. 

კანონის მიხედვით, საჩუქრები რომელთა ღირებულებაც ლიმიტს აჭარბებს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა გადაეცეს.

გიორგი მარგველაშვილმა ლუკაშენკოს წინა ვიზიტის დროს საჩუქრად სათესლე კარტოფილი მიიღო. მარგველაშვილმა ამ სათესლე კარტოფილით 2017 წელს 6 ტომარა კარტოფილის მოყვანა შეძლო. 

ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დასრულდა.

კომენტარები