კონტრაბანდული ოქრო

საგამოძიებო სამსახურმა სარფის საბაჟოზე 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო. დაკავებულია აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მერსედესის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა." - წერია ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები