კონტრაბანდული ოქრო

საგამოძიებო სამსახურმა საზღვარზე 21 კგ-ზე მეტი კონტრაბანდული ძვირფასეულობა ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასეულობის უკანონოდ შემოტანისთის ერთი პირი ამხილეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია  ჯამში 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება  191 381 ლარს შეადგენს. ასევე ამოღებულია ჯამში 10 144 ლარის ღირებულების ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ერთ - ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, მობილური ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები." - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები