ტრანსპორტი

მერია ტაქსის მძღოლებისგან ლიცენზიების საფასურით მინიმუმ 1 მილიონ ლარს ამოიღებს

georgiastartshere.com

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი უკვე განიხილავს. პროექტით ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ვალდებულება გაუჩნდებათ. მათ სავალდებულო წესით უნდა დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრავონ. 

ამ დროისთვის არაა გადაწყვეტილი თუ რა ეღირება ლიცენზია, თუმცა მერიის ინფორმაციით ის 50-100 ლარის საფასურში იქნება.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად მინიმუმ 20,000 ტაქსი მოძრაობს, თუ თითოეულ მათგანს 50 ლარის გადახდა მოუწია, მერია 1 მილიონ ლარს აკრეფს.

ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ იტაქსავებენ 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლზე პასუხისმგებელი პოლიცია იქნება.

ერთ მოსახლეზე ანგარიშით თბილისში ყოველ 56 მაცხოვრებელზე ერთი ტაქსი მოდის. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით ტაქსისტობას იწყებს.

თუ ამ ადამიანებმა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს მათ შესაძლოა, შემოსავლის წყარო დაკარგონ.

ტაქსებს ამასთანავე ტექდათვალიერების გავლაც მოუწევთ.

კომენტარები