საბაგიროს დაზიანება

საბაგიროს დაზიანების შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო დაფარავს

შსს

ვიცეპრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დაშავებულების მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად აანაზღაურებს.

"ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები. სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები