აშშ

ტრამპი გენერალ მაკმასტერს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტიდან ათავისუფლებს

ჰერბერტ მაკმასტერი და დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გენერალ ჰერბერტ მაკმასტერს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტიდან მაისში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრამდე გაათავისუფლებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში გავრცელდა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით მაკმასტერის თანამდებობიდან გადადგომა შესაძლოა დაყოვნდეს, რადგან მისი შემცვლელი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა ჟურნალისტების შეკითხვაზე განაცხადა, რომ ახლახანს ესაუბრა პრეზიდენტს და გენერალ მაკმასტერს, გავრცელებული ცნობისგან განსხვავებით მათ კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვთ და ცვლილებები არ არის.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონს CIA-ს დირექტორი, მაიკ პომპეო ჩაანაცვლებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში თანამდებობები დატოვეს ეკონომიკურმა მრჩეველმა გარი კონმა და თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ჰოუფ ჰიქსმაც.

გენერალი მაკმასტერი ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მეორე მრჩეველია. მის დანიშვნამდე პოსტს ერთი თვით მაიკლ ფლინი იკავებდა, თუმცა რუსეთთან კავშირების თაობაზე გამოძიების დაწყების შემდეგ გადადგა.

კომენტარები