ზურაბ ნეფარიძე

POG: საკრებულოს წევრ ნეფარიძის საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები არ არის

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს წევრ ზურაბ ნეფარიძის საქმეში, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.

უწყება ეხმაურება ნეფარიძის შვილის ბრალდებას, რომლის მიხედვით, მამის წინააღმდეგ ჩვენება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შანტაჟით მიაცემინეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

პროკურატურის განცხადებაში საუბარია ბრალდების შესახებაც. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ.  ბიუროში დასაქმებული მეუღლის დის - ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხი თანამშრომლისგან, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებისგან ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა.

ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს, რაშიც დახმარებას უწევდა მისი შვილი.

ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, გამოკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა საბუღალტრო რევიზიები, დაკავებულების პირადი და მათი ოფისების ჩხრეკა.

"ბანკებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჩარიცხული თანხების ოდენობასა და მათი მოძრაობის შესახებ. ასევე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული იქნა ზ.ნ.-ს და ა.მ.-ს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. 

ზ.ნ.-ს და ა.მ.-ს ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს", - აცხადებენ პროკურატურაში.

ზურაბ ნეფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მას გამოძიება გამოძალვით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევას, ასევე მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლის ა.მ.-ს მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების და გამოძალვით ქრთამის აღებაში დახმარებას ედავება.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 2017 წლის 25 აგვისტოს დააკავეს.

ნეფარიძის ადვოკატმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრებულოს წევრმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.

მანამდე კი ზურაბ ნეფარიძის შვილმა გამოძიება ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მამამისის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გააჯაროებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მის წინააღმდეგ ჩვენებას მოაწერა ხელი.

კომენტარები